თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები იმ კანონპროექტების პაკეტის განხილვას იწყებენ, რომელიც შინაური ცხოველების მოვლაზე ახალი წესების დადგენას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც პარლამენტს „კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და მათი უფლებების დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღებას სთავაზობს. ეს იქნება პირველი კანონი, რომელიც ცხოველების ფლობისა და მათი გამრავლების საკითხებს დაარეგულირებს.
კანონპროექტში მკაფიოდაა გაწერილი შინაური ცხოველების ყოლის წესები. ცაგარეიშვილის ინიციატივის თანახმად, პირი, რომელიც ცხოველს აიყვანს, ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს ის და შემდეგ წლებში ყოვეწლიურად განაახლოს რეგისტრაცია. ამასთან აუცილებელი იქნება ვეტერინარული გამოკვლევის ჩატარება.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ერთდროულად ათ ცხოველზე მეტის ყოლა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი რამდენიმე მფლობელს ეკუთვნის, ცხოველის აყვანის მსურველმა მცხოვრებთა უმრავლესობის თანხმობა უნდა მიიღოს. ამას გარდა, ცხოველის პატრონმა უნდა უზრუნველყოს ყველა მცხოვრების უსაფრთხოება.
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ აიკრძალება ცხოველების 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ჩუქება მათ მშობლებთან შეთანხმების გარეშე.
გარდა ამისა, აიკრძალება ცხოველების პრემიის ან ჯილდოს სახით გადაცემა.
„კანონი კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ“ ავალდებულებს მფლობელს, საზოგადოებრივ ადგილებში ცხოველი საბელითა და ალიკაპით გაიყვანოს, ხოლო დასვრის შემთხვევაში დაასუფთავოს ადგილი. გამონაკლისს შეადგენს ექვს კილოგრამზე ნაკლები წონის ცხოველები, რომელთა გასეირნება ალიკაპის გარეშეა დაშვებული.
ამას გარდა, იკრძალება დაავადებული ცხოველების გამრავლება. ხოლო ის, ვინც კომერციული მიზნით ამრავლებს ცხოველებს, უნდა დარეგისტრირდეს როგორც ბიზნეს–ოპერატორი.
ახალი კანონპროექტი ასევე გააკონტროლებს ცირკში ცხოველების შენახვას. ცირკს მოეთხოვება ვეტერინარული სერტიფიკატი, რათა ცხოველების ყოლის უფლება მოიპოვოს და მათი შესაბამის პირობებში შენახვა უზრუნველყოს.
ასევე იკრძალება ცხოველებზე სამედიცინო ექსპერიმენტებისა და ცდების ჩატარება გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონითაა“ გათვალისწინებული.