თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. თბილისში კვირას, 14 ივნისის ღამით მომხდარმა წყალდიდობამ თამაზ თამაზაშვილის ძაღლების თავშესაფარი მთლიანად გაანადგურა. 5 საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა და მთლიანად დატბორა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები და ძაღლების კერძო თავშესაფარი.
თავშესაფრის თანამშრომლებმა თავის გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ დაიღუპა ათობით ძაღლი და დათვები. თავშესაფარი ვაკე–საბურთალოს გზაზე, სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს. თამაზ თამაზაშვილი მოსახლეობას გადარჩენილი ძაღლების უსაფრთხო ადგილას დაბინავებისათვის დახმარებას სთხოვს.
„თავშესაფარი აღარ არსებობს, მთლიანად დანგრეულია. სტიქიისგან მხოლოდ 100 ძაღლის გადარჩენა მოვახერხეთ. სასწრაფოდ გვჭირდება ამ ძაღლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება“, – ნათქვამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტიქიას ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა, გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდა ამისა, წყალდიდობის შედეგად მთლიანად განადგურებულია თბილისის ზოოპარკის ინფრასტრუქტურა და ტერიტორიიდან მტაცებელი ცხოველები არიან გაქცეულნი. მაშველებმა რამდენიმე ცხოველის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება მოახერხეს, რამდენიმე მათგანის ლიკვიდაცია კი სპეცრაზმმა მოახდინა.
რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილის ძაღლების თავშესაფარს, იგი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ვერემ, პირველად 3 ივნისს დატბორა. მაშინ დაახლოებით 20 ძაღლი მოკვდა.