თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ისეთი ქსელის შექმნა, სადაც თითოეული ტერორისტი გაებმება, შეუძლებელია, მიიჩნევს ნიკოლაიჩუკი.
„მეორე მხრივ, გასაგებია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად არსებული ვითარება დაკავშირებულია ტერორისტული საფრთხის ზრდასთან ევროპის მანამდე მშვიდ ქვეყნებში მიგრაციული კრიზისისა და „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების ინფილტრაციის გამო“, — განაცხადა ნიკოლაიჩუკმა.
„ვფიქრობ, ვითარებების კომპლექსურმა ერთიანობამ იმოქმედა: როგორც სპეცსამსახურების არასათანადო მუშაობამ, ისე ვითარების გაუარესებამ ევროპის ანტიტერორისტულ ფრონტზე, რაც მასობრივ მიგრაციასთან არის დაკავშირებული“, — აღნიშნა ექსპერტმა.
ნიკოლაიჩუკის თქმით, პარიზის ტერაქტების შემდეგ ცხადი იყო, რომ ევროკავშირის ქვეყნების სპეცსამსახურები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს: „ბოლო დროს ბელგიის პოლიცია მთელ ქვეყანაში, პირდაპირი მნიშვნელობით, დარბოდა და ტერორისტებს ეძებდა, ყოველ თვეში ვიღაცას აპატიმრებდა. ის, რომ ამ ფონზე ახალი ტერაქტი მოხდა, ბელგიის საზოგადოების წინაშე ბევრ კითხვას სვამს“, — აღნიშნა ექსპერტმა.
„რთული სათქმელია, არის თუ არა აფეთქებები აბდესლამის დაპატიმრებაზე შურისძიება. რამდენადაა ეს სერიოზული მიზეზი, რომ გარისკო ბოევიკებითა და კარგად დაგეგმილი ოპერაციით? სავარაუდო ტერორისტის დაკავების თემაზე იყო მიჯაჭვული ფართო აუდიტორიის, საინფორმაციო საშუალებების ყურადღება. საუკეთესო დროა, ეს ორი, შესაძლოა, ერთმანეთთან არაფერ კავშირში მყოფი მოვლენა ერთმანეთს დავუკავშიროთ. მე უფრო იმის მჯერა, რომ ამჟამად ტერაქტს ამა თუ იმ მიზეზს მიაწერენ“, — დაასკვნა ექსპერტმა.
ბრიუსელის აეროპორტში სამშაბათს, დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე ორი აფეთქება მოხდა. აეროპორტში მომხდარი აფეთქებები ტერაქტად აღიარეს. მოგვიანებით ბელგიის დედაქალაქის მეტროპოლიტენში კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ბრიუსელში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტროპოლიტენი და სარკინიგზო სადგურები დაკეტილია. ბოლო მონაცემებით, აფეთქებების შედეგად დაიღუპა 21 და დაიჭრა 35 ადამიანი.
უფრო ადრე, 18 მარტს ბრიუსელის ემიგრანტთა კომუნა მოლენბეკში ჩატარებული სპეცოპერაციისას პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.