თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიუსელის აეროპორტში სამშაბათს, დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე ორი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ოფიციალურად ტერაქტებად აღიარეს.
ბრიუსელში ევროკომისიის შენობაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე, ევროპარლამენტის მრჩეველი და ვილფრედ მარტენსის ცენტრის მკვლევარი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ამ წუთებში დაუკავშირდა სააგენტო Sputnik-ი.
„დღეს ყველაზე ტრაგიკული დღეა, აფეთქებები გრძელდება. აეროპორტის გარდა, დღეს აფეთქებები მეტროს სამ სადგურზე მოხდა, სამივე სადგური ევროინსტიტუციების ირგვლივაა. ერთ-ერთი მათგანი, „შუმანი“, ჩემი სადგურია, თუმცა, დღეს სამსახურში რატომღაც ფეხით წამოვედი. ამ წუთებში ევროპარლამენტის შენობაში ვიმყოფები, სადაც დაცვის მაღალი ზომებია გამოცხადებული. ეს არ არის მორიგი ტერორისტული აქტი, ეს არის კოორდინირებული შეტევა თანამედროვე სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ“, — აცხადებს თეონა ლავრელაშვილი.
ბელგიური საინფორმაციო საშუალებების ბოლო ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 35-ს აღწევს.
„ამ ეტაპზე ქართველებისთვის, ვისთანაც კონტაქტი მეც მაქვს, ყველასთვის საელჩომ ცხელი ხაზი გახსნა და გვირჩევს, რომ ხაზზე ვიყოთ“, – თქვა ლავრელაშვილმა. ბრიუსელში ოფიციალურად 3000 ქართველია, მაგრამ არაოფიციალურად ეს რიცხვი უფრო მეტია. ვარაუდობენ, რომ 10 ათასი და მეტიც კი. ბევრი მათგანი არალეგალია, ამიტომ გარკვევა იმისა, თუ რა საფრთხის ქვეშ არიან ისინი, ძნელია. ეს ტერაქტები ზუსტად მეტროს იმ სადგურებში მოხდა, რომლითაც ევროპარლამენტის წევრები და თანამშრომლები სარგებლობენ, განაცხადა ლავრელაშვილმა Sputnik-თან საუბრისას.