თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა.
ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 13 და დაჭრილია 35 ადამიანი.
„გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებზე და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე“, — წერს გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
სამშაბათს, დილით ბრიუსელში აფეთქებების სერია მოხდა. თავდაპირველად ორი აფეთქება აეროპორტში მოხდა. მოგვიანებით ბელგიის დედაქალაქის მეტროპოლიტენში ასევე ორი აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ბრიუსელში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია მეტროპოლიტენი და რკინიგზის სადგურები.