თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიუსელში, სადაც ტერაქტების სერია მოხდა, ვიზიტით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებიც იმყოფებიან. ისინი არ დაშავებულან, განაცხადეს პარლამენტის პრეს-სამსახურში.
სამშაბათს დილით ბრიუსელში აფეთქებების სერია მოხდა. თავდაპირველად ორი აფეთქება აეროპორტში მოხდა. მოგვიანებით ბელგიის დედაქალაქის მეტროპოლიტენში ასევე ორი აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაჭრილია 35 ადამიანი.
„საბედნიეროდ, ჩვენს დეპუტატებს არაფერი ემუქრებათ. აფეთქების დროს ისინი ტრაგედიის ადგილიდან შორს იმყოფებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ყველა კარგად და ჯანმრთელადაა. დეპუტაციასთან ერთად ასევე პარლამენტის აპარატის რამდენიმე თანამშრომელიც იმყოფება. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დღეს დილით ბრიუსელში ჩავიდნენ დეპუტატები გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა“, — განაცხადა პარლამენტის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
საქართველოს დელეგაცია დეპუტატ ვიქტორ დოლიძის (ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“) ხელმძღვანელობით ბრიუსელში საპარლამენტო ასამბლეა „ევრონესტის“ მუშაობაში მონაწილეობს.
სულ ამ დროისთვის ბელგიაში საქართველოს პარლამენტის 13 დეპუტატი იმყოფება. ესენი არიან: გუგული მაღრაძე, ეკა ბესელია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ვიქტორ დოლიძე, გოგლა ჟვანია, ფრიდონ საყვარელიძე, ლევან თარხნიშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი.