თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მონაწილეობით პრინციპულად მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
აბაშიძე–კარასინის დიალოგის ფორმატში ცვლილებების დაზუსტების ინიციატივა კვირას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამოაყენა. პრეზიდენტის აზრით, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრებზე პოლიტიკური საკითხები არ უნდა განიხილებოდეს.
„დიალოგი პრინციპულად მნიშვნელოვანი და კატეგორიულად სავალდებულოა. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ჩვენ ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, — განუცხადა ხიდაშელმა „TV პირველს“.
ფორმატის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაც, რომელიც მოცემული დიალოგის ერთ–ერთ ყველაზე დიდ წარმატებად ქართველი მეწარმეებისთვის რუსული ბაზრის გახსნას მიიჩნევს.
აბაშიძე–კარასინის დიალოგის პრაგმატულობაში დარწმუნებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. აღნიშნული ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული აქტუალური პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება, აღნიშნავს ის.
საქართველოში აჟიოტაჟი აბაშიძე–კარასინის ფორმატთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 მარტს პრაღაში მორიგი შეხვედრისას კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოში პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკა მატულობს, რომელიც უკვე ოფიციალურ პირთაგან ისმის.