თბილისი, 17 მარტი — Sputnik. მმართველი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესწორებების შეტანის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
მანამდე, ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩატარდება, თუმცა მათ სჭირდებათ უსაფრთხოებისა და კიდევ იმის გარანტიები, რომ „ოკუპაციის შესახებ“ მოქმედი კანონი დეპუტატებს პრობლემებს არ შეუქმნის. კარასინმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ეს კანონი გაეუქმებინა.
„თუ ეს საქართველოს ინტერესებშია და ამასთან, საერთაშორისო ინტერესებიც, მაშინ კანონპროექტის ინიცირება შესწორებების შეტანაზე დასაშვებად მიგვაჩნია, რათა მთავრობამ გამონაკლისის სახით გადაწყვეტილება მიიღოს (რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის). შესაძლოა, ასეთი ცვლილებები საჭირო და აუცილებელი გახდეს“, — განაცხადა ვოლსკიმ.
მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის განხილვას არ აპირებს.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საპასუხოდ აღიარა.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ამ ტერიტორიებზე შესვლა ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე უკანონობაა და ისჯება ან დიდი რაოდენობის ფულადი ჯარიმით, ან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობით.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარებას ქვეყნის ისტორიის ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მოვლენა, ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება უწოდა, რომელშიც მონაწილეობას ეუთოს 57 საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს.