აქ თვითონ ცხოვრება გვკარნახობს სხვა წესებს

© Denis Aslanovლიზა კუჭავა
ლიზა კუჭავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის შესახებ, როცა შენი ბედი - საქართველოა. რა წესებს გკარნახობს ქართულად ცხოვრება და რა აჩუქა მას ამ ქვეყანამ, Sputnik-ის პროექტში „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ მოსკოველი ლიზა კუჭავა მოგვითხრობს.

ლიზა — ჟურნალისტი, დედა, საკუთარი ბიზნესის დამფუძნებელია. ახალგაზრდა ქალმა საქართველოში თავი მაშინვე ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება შემთხვევითობა კი არა, ბედია.

— მეხუთე თაობის მოსკოველი ვარ, 30 წლის. ჩემი მშობლები მემკვიდრეობით ჟურნალისტები არიან. მეც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ოთხი წელი ტელეარხ „როსიაზე“ ვიმუშავე, პროგრამაში „სპეციალური კორესპონდეტი“. ვიყავი რედაქტორი და კორესპონდენტი, ასევე პროდიუსერი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემ თანაკლასელთან, ნახევრადქართველ ახლო მეგობართან ერთად დასასვენებლად ბათუმში წავედი. ეს 2007 წელს მოხდა. იქ გაიცნო მან თავისი ქართველი ქმარი, მე კი 2008 წელს თბილისში უკვე პატარძლის მეჯვარის რანგში ჩამოვედი… და ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი — ის ქორწილში თამადა იყო. ასე რომ, საერთო კომპანია, მეგობრები…

გიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
„თბილისი შესაძლებლობების ქალაქია“

მეგობრის ქორწილის შემდეგ საქართველოში დავრჩი. სამწუხაროდ, მაშინ ომი და მთელი ეს არეულობა მოხდა. სწორედ ამაზე და ჩვენი სიყვარულის ისტორიაზე ბევრს ვწერდი ჩემ ბლოგზე. შემდეგ თბილისში საახალწლოდ ჩამოვედი. და სწორედ ახალი წლის ღამეს ჩემმა მომავალმა მეუღლემ ხელი მთხოვა. მალე, 2009 წლის თებერვალში საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი.

ასე რომ, თბილისში უკვე შვიდი წელია ვცხოვრობ. ორი პატარა მყავს — ექვსი წლის ელენე და სამი წლის ნიკოლოზი. ჩემი მეუღლე იურისტია, თავისი იურიდიული კომპანია აქვს, პარტნიორია. იურიდიული საქმეებითა და ბიზნესით არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ Forbes-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე იყო — ჰყვებოდა თავისი კომპანიის შესახებ, იმაზე, თუ რას მიაღწია ოქროს მოპოვების სფეროში. ის ძალიან ინტერნაციონალური, ევროპიზირებული ადამიანია. სწავლობდა ინგლისში, ძალზე მრავალმხრივია, ბევრი რამ აინტერესებს, მუდმივად მოგზაურობს.

© Denis Aslanovლიზა კუჭავა
ლიზა კუჭავა - Sputnik საქართველო
ლიზა კუჭავა

რაც შემეხება მე, ჩამოსვლის შემდეგ მაშინვე დავფეხმძიმდი. ამიტომ ჩემი ადაპტაციის პერიოდი ორსულობას დაემთხვა და არ გამჭირვებია. ანუ, არ მქონდა მიზეზი, რამეზე მეფიქრა, რამეს მივჩვეულიყავი: ისე ორგანულად შევეწყვე ამ ქართულ ცხოვრებას, თითქოს მთელი ცხოვრება აქ გავატარე.

სხვათა შორის, ჩემი ბებია, მამის დედა მეორედ ქართველზე გათხოვდა და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა. თორმეტი წელი საქართველოში გაზეთ „იზვესტიის“ საკუთარი კორესპონდენტი იყო. ასე რომ, ყველაფერი ქართული მამაჩემისთვის ძალიან ახლობელი იყო, აქ ხშირად ჩამოდიოდა. ამიტომ ჩემი გამოშვებაც არ გასჭირვებია.

თუმცა, 2007 წლამდე, როდესაც საქართველო პირველად ვნახე, სხვათა შორის, არ მიშვებდა, ამბობდა: „არ გაგიშვებ — იქ გათხოვდები და დარჩები!“ 

ასეც მოხდა. ვფიქრობ, ბედია. საქართველო ჩემთვის — ეს რაღაც ძალიან ახლობელია. ჩემი მშობლები წინააღმდეგი არ ყოფილან. მით უფრო, როცა ჩემი მომავალი მეუღლე გაიცნეს, მიხვდნენ, რომ შესანიშნავი ახალგაზრდაა. სხვათა შორის, მათ კიევში გაიცნეს ერთმანეთი, „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“, რადგან ჩემს ქმარს მოსკოვში ჩამოფრენა არ შეეძლო. ასე სთხოვა ჩემი ხელი ჩემმა ქმარმა მამაჩემს.

სიმართლე რომ ვთქვა, თბილისს ძალიან მალე მივეჩვიე. აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვგრძნობ, რომ საქართველო ნამდვილად ჩემი მეორე სამშობლოა. ანუ, მოსკოვში როდესაც ჩავდივარ, იქ უკვე რაღაც უჩვეულოდ ვგრძნობ თავს: საცობებიც, სტრესიც. აქ კი ცხოვრების ისეთი მშვიდი წესია, შესანიშნავი წყალი, შესანიშნავი ჰაერი, შესანიშნავი პროდუქტები.

© Denis Aslanovლიზა კუჭავა
ლიზა კუჭავა - Sputnik საქართველო
ლიზა კუჭავა

მიმაჩნია, რომ ბავშვების აქ გაზრდა — ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასიამოვნოა, რადგან ამისთვის თითქოს ყველა და ყველაფერი კეთილგანწყობილია. ისე მოხდა, რომ როდესაც ბავშვი გავაჩინე, სახლში ვიჯექი და „შემოქმედებითი ენერგია“ მაწუხებდა. ამიტომ დავიწყე ბლოგის წაყვანა თბილისზე, ვუზიარებდი რაღაც მისამართებს, პაროლებს, რჩევებს ვიძლეოდი. მოკლედ, აქტიურად დავიწყე წერა საკუთარ ემოციებზე, იმაზე, თუ როგორ მივეჩვიე აქაურობას.
მალე ტატიანა გორდეევა გავიცანი. მასთან ერთად ჩემი ბლოგის ბაზაზე ტურისტული კომპანია შევქმენი. დავიწყეთ ამ მიმართულების განვითარება, ინდივიდუალური და კორპორატიული ტურების, ქორწილების კეთება. ზაფხულში კახეთში ორი დიდი რუსული ქორწილი მოვაწყვეთ — ერთი ილიას ტბაზე, მეორე — ყვარელში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ინდივიდუალურ ტურიზმზე, „პრემიუმ“ დონეზე. პირველ რიგში, ხარისხზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ მხოლოდ შემოწმებულ, საიმედო პარტნიორებთან.

ვფიქრობ, რომ საქართველომ მართლა ყველაფერი მაჩუქა. მაჩუქა ქმარი, ბავშვები, სამუშაო. აქ აბსოლუტურად ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. აქ ბიზნესის ყველა სფეროში უზარმაზარი პოტენციალია. მთავარია, იყოს სურვილი და გონება. ყველაფერი დანარჩენი თვითონ მოვა.

ეველინა ბლიოდანსი - Sputnik საქართველო
ეველინა ბლიოდანსი თბილისში „მზის შვილების“ მშობლებს შეხვდა

რა თქმა უნდა, აქ არის რაღაც სფეროები, რომელთა განვითარება, იმავე მრავალმილიონიან მოსკოვთან შედარებით, რთულია. მაგრამ აქ თვითონ ცხოვრება გვკარნახობს სხვა წესებს, აქ სრულებით სხვაგვარად გვიწევს ცხოვრება. საქართველოსთვის და ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია თბილი ადამიანური ურთიერთობები. აქ ყველაფერი, როგორც ამბობენ, ფულზე აგებული არ არის, როგორც, მაგალითად, დიდ მეგაპოლისებში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მუშაობაში. პლუს — საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ესეც მენტალიტეტზე ძალიან აისახება.

ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი ოცნება საქართველოში სახლის აშენებაა. ვფიქრობ, აქამდე აუცილებლად მივალთ. გარდა ამისა, აუცილებლად ვგეგმავთ განვავითაროთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ: გავიზარდოთ, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა პროექტებში. მაგალითად, როდესაც ჩვენი მოწვევით საქართველოში ეველინა ბლიოდანსი ჩამოვიდა, ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო.

ვფიქრობ, რომ ქველმოქმედება — ეს სწორედ ერთ-ერთი იმ საინტერესო სფეროთაგანია, რომელშიც აუცილებლად გვინდა მონაწილეობა. გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს, რითიც შეგვიძლია. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარება ყველა თვალსაზრისით.

ყველა ახალი ამბავი
0