„თბილისი შესაძლებლობების ქალაქია“

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeგიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად
გიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმაზე, თუ როგორ უნდა ააწყოთ ცხოვრება ახალ ქვეყანაში და დაიწყოთ ბიზნესი საქართველოში, Sputnik-ის პროექტში "საქართველო უცხოელის თვალით" მოსკოველი გიორგი ზლობინი მოგითხრობთ.

უამრავი ჩვენი თანამოქალაქისაგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში  სამსახურს წლობით ეძებენ, 27 წლის მოსკოველმა გიორგი ზლობინმა შედარებით მოკლე დროში თბილისში საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. 

— მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და საკმაოდ ხშირად ვსტუმრობდით უცხოეთს. ძირითადად, ევროპის ქვეყნებს, სადაც თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობდით, ვიდრე მოსკოვში…ჰოდა, გადავწყვიტეთ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეგვეცვალა და რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გადავსულიყავით საცხოვრებლად. მაგრამ თავი სერიოზულმა პრობლემამ იჩინა: სტუდენტური ასაკიდან ორივენი კარგა ხნის გამოსულები ვართ, ნათესავები ევროპაში არც ერთს არა გვყავს, ამდენად, საცხოვრებელი ვიზის მიღება პრაქტიკულად, გამორიცხული იყო. ტურისტულით წასვლა და იქ არალეგალურად ცხოვრება კი ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. ასე გაჩნდა დღის წესრიგში საქართველო. მითუმეტეს, რომ  მე ნახევრად ქართველი ვარ — მამა მყავს ქართველი. იგი თავის ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს და კარგა ხანია მეპატიჟებოდა —  ჩამოდი, მოქალაქეობა მაინც აიღეო… 

© © SPUTNIK/ NATIA TSIREKIDZEგიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად
გიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად

თბილისში რომ ჩამოვედით, თავდაპირველად, ოთახი გოგონასაგან ვიქირავეთ, რომელსაც ნატა ჰქვია. იგი ერთერთ ინტერნეტ-საიტზე გავიცანით და ვთვლით, რომ ძალიან გაგვიმართლა. ნატა საოცრად გულისხმიერი  აღმოჩნდა, ბევრ რამეში დაგვეხმარა, დაგვაკვალიანა, ხალხი გაგვაცნო.  ჩვენ დღესაც ვმეგობრობთ. თუმცა, მასთან მცირე ხანს გავჩერდით და გადავედით მთაწმინდაზე, ულამაზეს ბინაში, ხუთმეტრიანი ჭერით და ფანტასტიური ხედით…

ზოე პერეტი - Sputnik საქართველო
„იმედია, აქ ყველაფერი გამომივა...“

დავიწყეთ ბიზნესზე ფიქრი. ძალიან მიყვარს კერძების მომზადება და ამ საქმეში გამოცდილებაც მაქვს. გადავწყვიტეთ, ბურგერების ბიზნესი წამოგვეწყო. როგორც აღმოჩნდა, თბილისში საბურგერეები ძალიან ცოტაა და რაც უფრო უცნაურია, ისინი საკმაოდ მაღალფასიან სეგმენტს მიეკუთვნებიან. ხოლო მე მინდოდა, ჩვენი ბურგერები ხარისხიანი და ამავე დროს, ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მთავარი პრობლემა ადგილის სწორად შერჩევა იყო, ჩვენ კი ქალაქს საერთოდ არ ვიცნობდით. რისკის შესამცირებლად გადავწყვიტეთ, დასაწყისისთვის „საბურგერე ბორბლებზე“, ანუ მობილური საბურგერე  მოგვეწყო. ჩვენი „ფოლკსვაგენი“, რომლითაც მოსკოვიდან ჩამოვედით, გავყიდეთ და ავტობაზრობაზე ძალიან იაფად  „ნისან მარჩი“ შევიძინეთ…

იუსტიციის სახლში სერიოზული, თუმცა სასიამოვნო შოკი გველოდა. წარმოიდგინეთ — ერთ (!) დღეში, სულ რაღაც ოცი ლარის საფასურად, მხოლოდ პასპორტით (ამასთან, რუსული პასპორტით) დავარეგისტრირეთ ფირმა. რუსეთიდან ჩამოსული ადამიანისთვის ეს წარმოუდგენელი რამაა! ამ მხრივ, თქვენთან მართლაც, უნიკალური სისტემაა შექმნილი. შემდეგ მივაკითხეთ მერიას, სადაც აგვიხსნეს, რომ თუ კვების ობიექტი მოძრავია და მიწას არ ეხება, მას, პრაქტიკულად, ნებართვა არც სჭირდება…და ჩვენც დიდი ენთუზიაზმით შევუდექით იდეის განხორციელებას. მანქანის გაყიდვიდან დარჩენილი ფულით შევიძინეთ პატარა გაზქურა გაზის ბალონითо, „ნისანის“ საბარგულში პატარა  მაგიდა ჩავდგით… დავიწყეთ ლესელიძის ქუჩიდან. აქ მრავლადაა ოფისები, ჰოსტელები და რაც მთავარია, ტურისტები. პირველივე დღემ ბრწყინვალედ ჩაიარა. ტურისტები აღფრთოვანებას არ მალავდნენ, სურათებს გვიღებდნენ. საღამოსკენ ყველა ბურგერი გაყიდული გვქონდა… ერთ თვეში საქმეში ჩადებული თანხა სრულად ამოვიღეთ. მართალია, ლაპარაკია მიზერულ ინვესტიციაზე, მაგრამ ასეთი შედეგი მაინც ძალიან სასიამოვნო და სტიმულის მომცემი იყო…

გარკვეული დროის შემდეგ, ერთხელაც, მუშაობის პროცესში საპატრულო პოლიციამ ქუჩაში ვაჭრობის ნებართვის წარდგენა გვთხოვა. ავუხსენით, რომ მერიას ასეთი ნებართვა ჩვენთვის არ მოუცია, რამდენადაც  საჭიროდ არ ჩათვალა. თუმცა, პატრულმა მტკიცედ გაგვაფრთხილა, რომ ნებართვა აუცილებელია და მისი არარსებობის შემთხვევაში, ჯარიმა არ აგვცდება. ამ ჯერზე კი არ დაგვაჯარიმეს და დრო დღის ბოლომდე მოგვცეს. მივმართეთ ისევ მერიას, სადაც ამ იურიდიული შეუსაბამობის აღმოფხვრას მაინცდამაინც არ ჩქარობენ… 

© © SPUTNIK/ NATIA TSIREKIDZEგიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად
გიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ზლობინი მეუღლესთან ერთად

ისევ ნატამ გვიშველა — როგორც აღმოჩნდა, იგი თბილისში საკმაოდ პოპულარულ ბარის მენეჯერთან მეგობრობდა, და მისი რეკომენდაციით, ჩვენ, ჩვენი ბურგერებით იმ ბარში „გადავბარგდით“… ხალხი აქ, ძირითადად, დასალევად მოდის, საღამოობით იკრიბებიან, მყუდრო, მოხერხებულ დარბაზში მაგიდებს შემოუსხდებიან, სასმელს შეექცევიან, საუბრობენ. მოკლედ, ყველა თავისებურად ატარებს დროს. თუმცა, საქართველოში, მოგეხსენებათ, ძნელია, სუფრაზე  მხოლოდ სასმელის ამარა იყო მთელი საღამო… ბარს  კი სამზარეულოც კი  არ ჰქონდა და სტუმრებს შორიახლო მდებარე მაღაზიებში თუ კაფეებში სირბილი ხშირად უწევდათ…  ჩვენი ბარში „დასახლების“  შემდეგ ეს პრობლემა მყისიერად მოგვარდა. იქ მცირე ადგილი გამოგვიყვეს, რაც ჩვენთვის სავსებით საკმარისი იყო. ერთი სიტყვით,  ჩვენი  ბურგერები ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა და  რაც  ყველაზე მთავარია, წყნარად, ყოველგვარი გაუგებრობის და კანონდარღვევის გარეშე გავაგრძელეთ საქმიანობა…

თავისუფალ დროს მე და ჩემი მეუღლე, მსურველებისთვის ძაღლებს ვასეირნებთ, რაც ჩვენთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. მით უმეტეს, რომ ბარში მუშაობა საკმაოდ გვიან იწყება, ძაღლები კი ორივეს ძალიან გვიყვარს. სხვათა შორის, ჩვენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ხშირი სტუმრებიც ვიყავით. არასდროს დამავიწყდება ის საშინელი დღე, როცა თბილისს თავსდატეხილი  წყალდიდობისა და დაღუპულების შესახებ გავიგეთ… მახსოვს, დილით, ფეისბუკიდან შევიტყეთ, რომ სტიქიის ზონაში წყალი და საკვები სჭირდებოდათ. გადავწყვიტეთ, იქ მისვლა. რამდენადაც შესაძლებელი იყო, მივუახლოვდით ზონას, მე ადგილზე დავრჩი და ბურგერების მზადება დავიწყე, მეუღლეს კი ისინი მიჰქონდა და არიგებდა. ბურგერების მზადების დროს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და ერთობლივი სურათის გადაღება მთხოვა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იგი ცნობილი რეპერი ყოფილა და ჩვენი ეს სურათი ქსელში გააზიარა. ფოტომ ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და რაც ჩემთვის განსაკუთრებით გასაოცარი  იყო,  მეორე დღეს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან დაგვირეკეს და მადლობა გადაგვიხადეს.

მილა ხოდოლა - Sputnik საქართველო
საქართველო - აქ ჩემი მომავალია

ვიცი, რომ ხალხს აქ ჯერ კიდევ საკმაოდ უჭირს, არც სამსახურის პოვნაა იოლი საქმე, მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში უამრავი ნიშაა თავისუფალი, საკუთარი საქმის წამოწყება მაქსიმალურად გაადვილებულია, არც რაიმე განსაკუთრებით დიდი  ინვესტიციაა საჭირო… თბილისი, მართლაც, შესაძლებლობებისა და თვითრეალიზაციის ქალაქია. მთავარია, გარემოებებს არ დანებდე და ხელები არ ჩამოუშვა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამას ბევრი ვერ აცნობიერებს….

მე და ჩემი მეუღლე მომავალში საკუთარი კაფეს გახსნას ვფიქრობთ. მჯერა, მომგებიანი იქნება და სხვებისთვისაც სტიმულის მიმცემი. ამავე დროს, „საბურგერე ბორბლებზე“ მუდმივად მახსენებს თავს. ძალიან ორიგინალური იყო და ეფექტური. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად განვაახლებ….

 

ყველა ახალი ამბავი
0