თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ცნობილი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი ეველინა ბლიოდანსი საქართველოში იმყოფება. მან ქვეყნის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა და „მზის შვილების“ მშობლებს შეხვდა, გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება მისი ვაჟის აღზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დაუნის სინდრომით დაიბადა.
ბლიოდანსთან შეხვედრაზე მშობლები შვილებთან ერთად მოვიდნენ, რომლებიც ვარსკვლავთან დიდი სიამოვნებით ურთიერთობდნენ. მსახიობმა მშობლებს მოუწოდა, არ მიაქციონ ყურადღება ირგვლივ მყოფთ და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მათი შვილები განსაკუთრებულები არიან.
„მნიშვნელოვანია საკუთარი ამპარტავნების დაძლევა, რადგან ბევრი მეზობელი გამოიშვერს ხელს და იტყვის, რომ ის ისეთი არ არის, როგორც ყველა, ეს არ შეუძლია, ის არ შეუძლია… უბრალოდ, უნდა დააშოშმინოთ თქვენი ამპარტავნება და თქვენი შვილით ნებისმიერ შემთხვევაში იამაყოთ, რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ თქვენ ზურგს უკან“, — აღნიშნა ბლიოდანსმა მშობლებთან საუბრისას.
მსახიობის აზრით, თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე მიზეზით ასეთი ბავშვის ამქვეყნად მოვლინებაზე ეჭვი გაუჩნდება, მეორემ არგუმენტები უნდა მოიშველიოს და დაარწმუნოს იგი, რომ ასეთ ბავშვს ოჯახში ბედნიერების მოტანა შეუძლია.
მან გაიხსენა, რომ ყველა ექიმი, რომლებთანაც ორსულობისას ჰქონდა კონტაქტი, აშინებდა მას, რომ ბავშვი ვერ შეძლებდა სიარულს, დგომას, ჯდომას. მისმა მეუღლემ ალექსანდრ სიომინმა ექიმებს მსგავსი საუბრები აუკრძალა.
„ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა ასეთი არაჩვეულებრივი მამაკაცი, რომელმაც, უბრალოდ, დაურეკა ექიმს და უთხრა, რომ მას არანაირი საუბრები ჩემთან აღარ გაემართა, რომ ჩვენ მხოლოდ დადებითად ვართ განწყობილი და როგორიც დაიბადება, ისეთი გვეყვარება“, — განაცხადა ეველინამ და ისიც გაიხსენა, რომ სამშობიარო სახლში ბავშვის დატოვებასაც სთავაზობდნენ.
რა თქმა უნდა, „მზის შვილებს“ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ.
„როცა სიომა გავაჩინე, მითხრეს, კარგად რომ წარიმართოს მისი ცხოვრება, სამი წესი უნდა დავიცვა: წლამდე ძუძუთი გამოვკვებო, მუდმივად გავიყვანო სუფთა ჰაერზე და ყველანაირად ვეცადო, წლამდე ავად არ გახდეს“, — აღნიშნა მან.
ბლიოდანსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შვილად აყვანა. ეს იმითაა განპირობებული, რომ ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ესენი არიან ყველაზე კეთილი, უბოროტო, მზის შვილები.
„ყველა ჩვეულებრივი ბავშვი ვიღაცას ხვდება, მიფრინავს, მიდის, თავის საქმეს აკეთებს, ხოლო ეს ბავშვი სამუდამოდ დედისთვის და მამისთვისაა. ეს ბავშვი მუდამ შენ გვერდითაა და საკუთარ ცხოვრებასაც კი თუ იწყობს, მაინც უნდა მიხედვა, დახმარება და ა.შ. თუმცა ბევრი მშობლისთვის ეს უზარმაზარი საჩუქარია და მე ბედნიერი ვარ. ორი ვაჟი მყავს, ერთი უკვე დიდია, ცალკე ცხოვრობს და თავისი საქმე აქვს, ხოლო მეორე მუდამ ჩემთან იქნება, ყოველთვის მაკოცებს, სიბერეში ჭიქა წყალს მომაწვდის“, — განაცხადა ბლიოდანსმა.
ეველინამ შექმნა რუსეთში პირველი პორტალი „მედიასიომა“, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების განვითარებას ეძღვნება. აქ შეიძლება ნახოთ სავარჯიშოები „მზის შვილებისთვის“, დასვათ საინტერესო კითხვები და, პრაქტიკულად, ყველაფერი გაიგოთ ასეთი ბავშვების აღზრდის შესახებ.
მსახიობმა თავისი ემოცია და ცრემლი ვერ დამალა, როდესაც დაუნის სინდრომის მქონე ქართველი მოზარდის ნახატები ნახა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ლონდონში გამოიფინა. მან ასევე გამოთქვა სურვილი გაიცნოს შოუ-პროგრამა „Х-ფაქტორის“ ერთ-ერთი წამყვანი გიგო შიუკაშვილი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში დაუნის სინდრომის მქონე პირველი წამყვანია.
„ჩემთვის ასეთი ბიჭების ნახვა, რომლებმაც სოციალიზაცია შეძლეს, შეძლეს რაღაც სიმაღლეების მიღწევა, მნიშვნელოვანია… ეს მიღწევაა, რომ აქ იღებენ ასეთებს და ჩვენს შვილებს განვითარებაში ეხმარებიან“, — განაცხადა ბლიოდანსმა.
მსახიობს საქართველო იმდენად მოეწონა, რომ აქ ჩამოსვლას შემოდგომაზეც აპირებს — უკვე შვილთან, სიომასთან ერთად. ბლიოდანსს მასთან ერთად უნდა რთველში მონაწილეობის მიღება.
„აღფრთოვანებული ვარ, მშურს, რომ აქ სუფთა ჰაერზე ცხოვრობთ, ამ მზეზე, ამ წარმოუდგენლად გემრიელი საკვებით… შემიყვარდა ეს ქვეყანა, აქ ძალზე კომფორტულად ვგრძნობ თავს“, — გაუზიარა მშობლებს საკუთარი შთაბეჭდილებები მსახიობმა.