აქ ბნელა… სიჩუმეა… თუმცა, ბოლომდე ჯერ არ ვიცი სიჩუმე როგორია… რა ფერისაა და რა განცდაა, როგორ ხმას გამოსცემს და რამხელაა. თბილად ვარ. აქ არ მცივა, არ მშია, არ მწყურია… აქ ყველაფერი მაქვს… აქ დაცულად ვგრძნობ თავს… შენთან და შენში!
პირველი, რაც შევიგრძენი ჩემი გულის ფეთქვა იყო და შიში… შენი შიში… შენი მეშინია, ძალიან, ტკივილამდე…
ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ ძალზე არეული ხარ, მუდამ ტირი და აფორიაქებული ხარ. შენ თავს ვფიცავარ, ყველაფერს ვგრძნობ, ყველა შენს ამოსუნთქვას, შენს გაღიმებას, სევდას და სიხარულს.
მე შენში ვარ, შენი სულის ნაწილი, შენი ცხოვრების არსი, იმედი და საყრდენი. მე შენში ვარ, შენი საწყისი და დასაბამი, შენი ოცნება და ფიქრი, შენი სიძლიერე და სისუსტე, შენი გულის ფეთქვა და სამყარო დიდი.
გუშინ გავიგონე ჩემზე რომ ლაპარაკობდი, განა სხვასთან ან ხმამაღლა? არა, საკუთარ თავთან. ამ ბოლო დროს, უფრო სწორად, რაც ჩემში გულმა ფეთქვა დაიწყო, საკუთარ თავთან ლაპარაკს დაეჩვიე. სახელს მირჩევდი… გამიხარდა!
მინდა შენ გგავდე, შენნაირი თვალები მქონდეს და შენი ვიყო.
იმდენი რამე ვისწავლე უკვე… არ ვიტირებ, არც ღამით გაგაღვიძებ, არ დაგღლი… იცი, როცა სადმე წასვლა მოგინდება, შეგიძლია დამტოვო და წახვიდე, ხმას არ ამოვიღებ, დაგელოდები. საჭმლის ჭამა თუ დაგავიწყდება, მოვითმენ, ყველაფერს შეგისრულებ, ყველა სურვილს და თხოვნას, ოღონდ…
ჰო, მართლა, გინდა გაგახარო? ჯერ არავინ არ იცის, არავისთვის მიგრძნობინებია, არავისთვის მითქვამს, ერთი სული მქონდა, როდის გეტყოდი, როდის ვისწავლიდი, ეს როგორ მეთქვა — მე შენი მესაიდუმლე გოგო ვიქნები, ძალზე საყვარელი და ლამაზი გოგო…
ოღონდ…
არ უარმყო… განაჩენი არ გამომიტანო… არ გამწირო…
მე ხომ ჯერ ისეთი პაწაწინა ვარ, თოთო, უსუსური… იქ შემცივდება, იქ შემეშინდება, იქ მარტო ვიქნები, იქ სუნთქვას ვერ შევძლებ.
გევედრები, არ მიმატოვო, მე ხომ არაფერს გიშავებ არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ… არასოდეს. როგორ მიყვარხარ, როგორ მინდა მოგეფერო და დაგამშვიდო, როგორ მინდა ეს ღამე დიდხანს გაგრძელდეს და არ გათენდეს, იმიტომ რომ მეშინია.
…
თეთრი შენობა, თეთრი კედლები, თეთრი ოთახი, თეთრი სიკვდილი და ცივი ხელები.
ისე მცივა, სულ ვკანკალებ, მტკივა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ… ღმერთო როგორ მტკივა…
ღმერთო, ეს რა უხეში ხელები ჰქონიათ ადამიანებს, რამდენი სახე ირევა ერთად, ვიღაც მეხება თავისი დიდი, ცივი და ტლანქი ხელებით. ეს შენ არ ხარ, ეს შენი თითები არ არის, შენ ხომ თბილი თითები გაქვს…
ვხედავ, რაღაც თუ ვიღაც ჩემთან მოახლოებას ცდილობს, თითქოს მეძებს, თითქოს ჩქარობს, თითქოს ხელს ვუშლი, თითქოს…
… ხელს ვეღარ ვგრძნობ, მტკივა, ვწრიალებ, მინდა მოვიშორო ეს უცხო სხეული ჩემი ტანიდან, მაგრამ ვერ ვახერხებ. მე ხომ ჯერ პატარა ვარ, გამოუცდელი, ვწრიალებ, ვცდილობ გავარღვიო შენი სხეული და ისეთი ადგილი მოვძებნო, სადაც ვერ მომწვდებიან, ბოლომდე მივიყუჟე გვერდით, დავპატარავდი და გავიტრუნე.
არავის ხმა აღარ ისმის, მგონი, თავი დამანებეს. მტკივა ყველაფერი, ოღონდ აქედან წამიყვანე და გაპატიებ, შენ თავს ვფიცავარ, არასდროს გაგახსენებ, რომ მაშინ, სადღაც, პირველად მატკინე. გევედრები ამ ცივი ხელებისგან დამიფარე… ფიქრი ბოლომდე ვერც დავამთავრე, რომ რაღაც სიმძიმე ვიგრძენი.
ყველაფერი სისხლისფერი გახდა და მე მისი ნაწილი…
ვეღარაფერს ვგრძნობდი, ვერც ფეხებს, ვერც ხელებს, ვერაფერს… მხოლოდ ჩემი გულის ფეთქვა მესმოდა შორიდან და ყრუდ… როგორ მინდოდა დამენახე როგორი იყავი პირველად და… უკანასკნელად…
… სხეულის უფორმო, დანაწევრებული მასა რკინის ვედროში ჩააგდეს.
შემდეგ შენ წახვედი… წახვედი და შეერიე სამყაროს, სადაც ადამიანებს უხეში ხელები და ცივი სახეები აქვთ.
მე კი… სისხლისფერი მორევიდან უსასრულობაში გადავიხვეწე…
— შემდეგი!, — დაიძახა ექიმმა და მაგიდაზე დადებული ბუტერბროდი მადიანად ჩაკბიჩა. ხალათზე კი სიცოცხლეს კვალი სიკვდილისთვის დაეთმო…
ანა ქათამაძე