თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) „მობიტელის“ და „კავკასუს ონლაინის“ გაერთიანების საკითხის განხილვას 25 მარტს განაგრძობს, იუწყებიან კომისიაში.
GNCC-მა შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანიები შპს „მობიტელის“-თვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის შეძენის წინასწარ ნებართვას ითხოვენ.
„კომისიამ შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 5 აპრილს უნდა დაასრულოს, როდესაც საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური, სამთვიანი ვადა იწურება“,-იუწყებიან GNCC-ში.
კომუნიკაციების სფეროში გაერთიანებისათვის ან აქტივების გაყიდვისათვის კომისიის წინასწარი ნებართვაა საჭირო. კომპანიების შესაძლო შერწყმის საკითხში როგორი იქნება GNCC-ის პოზიცია, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს.განაცხადში მითითებულია, რომ „კავკასუს ონლაინი“ კომპანიას ორ ნაწილად გაყოფას გეგმავს-საცალო მომსახურების სეგმენტი(IPTV მაუწყებლობის ტრანზიტი, ციფრული სატელეფონო (VOIP) და საცალო ინტერნეტ მომსახურება) გადაეცეს „მობიტელს“, თვითონ კი საბითუმო ბაზრის სეგმენტში იოპერირებს(ქსელური ინფრასტრუქტურა და საკაბელო მაგისტრალები),იუწყებიან GNCC-ში.
2015 წლის ნოემბერში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ ოპერატორ „მაგთიკომს“ ტელესაკომუნიკაციო კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ ოპერაციული აქტივების შეძენისთვის წინასწარი ნებართვა მისცა. „მაგთიკომმა“ „კავკასუს ონლაინის“ ყველა იმ აქტივის შეძენის ნებართვა მიიღო, რომლებსაც კომპანია IPTV მაუწყებლობის ტრანზიტისთვის, თავისი აბონენტებისათვის ციფრული სატელეფონო (VOIP) და საცალო ინტერნეტ მომსახურების მოწოდებისათვის იყენებს.
„კავკასუს ონლაინის“ აქტივების შეძენას კომპანია „სილქნეთი“-ც გეგმავდა, თუმცა მხარეებმა GNCC-ის მიერ გამოყოფილ დროში საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარადგინეს, რის გამოც კომისიამ საკითხი არ განიხილა. “კავკასუს ონლაინი“ 2008 წელს საქართველოს ინტერნეტ ბაზრის მთავარი მოთამაშეების —„სანეტის“ და „ჯორჯია ონლაინის“ (dial up ტექნოლოგია), „კავკასუს ნეტვორკის“(dsl ტექნოლოგია) და „ტელენეტის“(fixed wireless ტექნოლოგია)- გაერთიანების გზით შეიქმნა.
რუსული ჯგუფის „ვიმპელკომის“ წევრი „მობიტელი“ 2007 წელს ქართულ ბაზარზე „ბილაინის“ სავაჭრო მარკით გამოჩნდა. GNCC-ის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბერში „მობიტელის“ საბაზრო წილი მობილური აბონენტების რიცხვის მიხედვით 24% შეადგინა. ახლა ქვეყანაში სულ 5 006 009 მობილური აბონენტია, რომელთაგან 1 201 628 „ბილაინის“ აბონენტია.