თბილისი, 12 მარტი – Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, რათა უნივერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს, ამის შესახებ განცხადება უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გააკეთა.
შეგახსენებთ: თსუ–ს სტუდენტები კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გუშინ სტუდენტებმა სენატის სხდომა ჩაშალეს, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ. სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა.
"როდესაც უნივერსიტეტში არის გარკვეული პროცესი, რომელიც მართვას რთულად ექვემდებარება, პირველ რიგში, შეიძლება დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობს ის, რაც ხდება, არის რექტორი. თუმცა ერთი რამე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს, რადგანაც ამით უნივერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს", — განაცხადა ლადო პაპავამ.
რექტორის განცხადებით, თუ სტუდენტები ჩათვლიან რომ „ოდეერების“ საკითხზე გამოძიება უნდა ჩატარდეს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამას ხელს შეუწყობს.
რაც შეეხება გიორგი გაფრინდაშვილს, ის თავისი კანდიდატურის მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს.
მანამდე სენატის წევრებმა აქციის მონაწილეებს ორშაბათს შეხვედრა და მათი მოთხოვნების განხილვა შესთავაზეს, თუმცა სტუდენტებმა უარი თქვეს ამ წინადადებაზე.
თსუ–ს სტუდენტებს სოლიდარობა ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებმაც გამოუცხადეს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაში მონაწილეობასაც კი გეგმავენ.