თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს წევრებს ბრიფინგიდან მოუწოდა, რომ მოხსნან კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა.
შეგახსენებთ: თსუ–ს სტუდენტები კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გუშინ სტუდენტებმა სენატის სხდომა ჩაშალეს, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ. სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით.
ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბრიფინგზე, რომლის ამსახველი ვიდეოც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
პრემიერმა კვირიკაშვილმა თსუ–ს რექტორ ვლადიმერ პაპავას სთხოვა, მაქსიმალურად უზრუნველყოს არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა, ვინაიდან აღნიშნული კონფლიქტის ფონზე გაჩნდა ცალკეული ეჭვები, რომ პროცესში ხელისუფლებაა ჩარეული.
„მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას“, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
თსუ–ს სტუდენტთა აქცია, დღეს, 15:00 საათზე განახლდა. მათ ქვეყნის სხვა უმაღლესმა სასწავლებლებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა.