თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა.
თსუ–ის სტუდენტები კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოდიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პაპავას გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა სთხოვა და მოუწოდა, რომ კანცლერის არჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს და ამით ყველანაირი ეჭვი მოიხსნას, რომ საქმეში ხელისუფლება ერევა.
„გიორგი კვირიკაშვილს შემიძლია ვუთხრა, საარჩევნო პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და ამ კუთხით მზადყოფნაა. კანდიდატურის მოხსნას რაც შეეხება, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, გამოსავალი არის მხოლოდ მოქმედი კანონი“, — განუცხადა პაპავამ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თსუ–ის სტუდენტები კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გუშინ სტუდენტებმა სენატის სხდომა ჩაშალეს, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ. სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა.
„ამ ეტაპზე წესდებიდან გამომდინარე პროცედურები უნდა დასრულდეს. თუ მოხსნის კანდიდატურას გაფრინდაშვილი, აკადემიურმა საბჭომ ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი, თუ არ მოხსნის კანდიდატურას, სენატმა უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, — აღნიშნა პაპავამ.
საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ავტონომია უნივერსიტეტს“ თსუ-ის შენობასთან მეორე დღეა მიმდინარეობს. სტუდენტებს სოლიდარობას ქვეყნის სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც უცხადებენ.