თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოში წარმოებულ ავიადეტალებზე მოთხოვნა იქნება — სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ერთ ერთმა მსხვილმა კომპანიამ სურვილი გამოთქვა შეიძინოს თბილისში მშენებარე სამოქალაქო თვითმფრინავების დეტალების მწარმოებელი ქარხნის პირველი პროდუქცია, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საპარტნიორო ფონდმა Elbit Cyclone-თან ერთად, 2015 წლის სექტემბერში, საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო თვითმფრინავების დეტალების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. პროექტის თანახმად, ქარხნის მშენებლობა 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება და 2018 წლის დასაწყისში იგეგმება პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვიტარების მინისტრმა, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში,
ისრაელის წამყვანი მაღალტექნოლოგიური კორპორაციის „Elbit Cyclone“-ის საწარმოები დაათვალიერა.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის "Elbit Cyclone“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოში საწარმოს მშენებლობის პროექტი წინასწარი შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქარხანა საქართველოში 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე, ის 60 სპეციალისტს დაასაქმებს, თუმცა საბოლოოდ დაგეგმილია, რომ 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი 300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, სადაც ადგილობრივი პერსონალი დასაქმდება. მათ გადაამზადებენ ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები. ქარხანაში თანამშრომლების სამუშაოდ აყვანა მოხდება გამჭვირვალედ, კონკურსის წესით. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-თან ერთად სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა.
ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა „Elbit Cyclone“-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს.