სამი კითხვა მთავარზე: ცხოვრება კრედიტით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშრალ ხიდზე ბაზრობა
მშრალ ხიდზე ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად კრედიტით ცხოვრების ყველა შესაძლო ნეგატიური მომენტისა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ლარის კურსი არასტაბილურია, ხოლო სამუშაოს დაკარგვის ალბათობა – მაღალი, ხალხი მაინც იღებს კრედიტებს, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში.

„Sputnik საქართველომ“ სამი ყველაზე აქტუალური კითხვა დაუსვა ექსპერტებს.

1. რამდენად სერიოზულად დგას საქართველოში კრედიტის გადაუხდელობის პრობლემა?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის თებერვლის დასაწყისში ქვეყნის 3,7 მილიონიან მოსახლეობას ბანკებიდან 846,17 მლნ ლარი და 3,5 მლრდ ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარის კრედიტი ჰქონდა გატანილი. იანვარში ვადაგადაცილებული კრედიტების რაოდენობამ 329,7 მლნ ლარს მიაღწია. მათმა წილმა კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2% შეადგინა, რაც კრიზისულ მაჩვენებლად არ მიიჩნევა. მაგრამ, როგორც ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ირწმუნება, საბანკო კრედიტებთან დაკავშირებული ვითარება მაჩვენებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან პრობლემა ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო მევახშეებს უკავშირდება. 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
სამი კითხვა მთავარზე: ლარი
 

მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 700-მდე ოჯახმა დაკარგა ქონება სწორედ ფიზიკური პირებისგან აღებული კრედიტების გადაუხდელობის გამო. შედარებისთვის: ბანკების მიმართ დავალიანების გამო საცხოვრებელი სამჯერ ნაკლებმა მოვალემ დაკარგა.

2. რით ემუქრება მოვალეებს გადაუხდელი კრედიტები?

მსესხებელს, რომელიც 3–4 თვის განმავლობაში ვერ იხდის სამომხმარებლო სესხს, ბანკი ჯარიმას უწესებს, რაც, საბოლოოდ, საკმაოდ სერიოზულ თანხას შეადგენს, შემდეგ კი ფულად ვალდებულებებს პრობლემური აქტივების მმართველ კომპანიაზე ყიდის, ამბობს „ახალგაზრდა ფინანსისტებისა და ბიზნესმენების ასოციაციის“ ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე.

ამგვარი კომპანიების საქმიანობის არსი და სტილი გარკვეულ დარღვევებსა და უფლებების გადაჭარბებას მოიაზრებს. მოვალეების მიმართ ისინი ხშირად იყენებენ მუქარასა და შანტაჟს, რაც კანონისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

სატვირთო ავტომანქანა - Sputnik საქართველო
სამი კითხვა მთავარზე: ვაჭრობა რუსეთთან

გასაგებია, რომ კრედიტი — ეს ის ვალია, რომელიც მსესხებელმა აუცილებლად უნდა დაფაროს, მაგრამ ეს არც ერთ ორგანიზაციას არავითარ შემთხვევაში არ აძლევს უფლებას, რომ კანონი დაარღვიოს და მსგავსი მეთოდებით იმოქმედოს. ძალიან ხშირად პრობლემური აქტივების „ამომღები“ კომპანიები ადამიანებს ატყუებენ. როგორც წესი, ეს კომპანიები „ფულის ამოღებისას“ მოვალეებთან წერილობით ხელშეკრულებებს კი არ აფორმებენ, არამედ ზეპირ გარიგებას დებენ და შემდეგ 100-დან პრაქტიკულად 100-ვე შემთხვევაში არღვევენ.

მაგალითად: ვთქვათ, პირს ძირითად ვალად ერიცხება 2000 ლარი, პროცენტის სახით — 500 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით 1000 ლარი. კომპანია მას ჰპირდება, რომ თუ ის ძირითად თანხასა და პროცენტს გადაიხდის, ჯარიმას მოუხსნის. მოვალე იწყებს თანხის გადახდას, მაგრამ რახან დაპირება ზეპირი იყო, კომპანია პირობებს ცვლის და ახლა უკვე ჯარიმების გადახდასაც მოითხოვს.

ეს ისედაც არასწორია, რომ პრობლემურ კრედიტებზე პროცენტები ირიცხება. პრობლემური აქტივის ჩამოწერისას მოვალეს აღარ უნდა დაერიცხოს დამატებითი თანხები.

ყველაფერი ზემოთქმული სამომხმარებლო სესხებს ეხება. გადაუხდელი იპოთეკის შემთხვევაში ბანკები, როგორც წესი, საქმეს პირდაპირ სასამართლოში აგზავნიან. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ხდება.

თუ საქმე სერიოზულ მოვალესა და მსხვილ თანხას ეხება, ბანკი ხშირად მიდის კლიენტთან შეთანხმებაზე, წვრილი სამომხმარებლო კრედიტორის ინტერესებს კი ბანკი, როგორც წესი, არ ითვალისწინებს.

3. როგორ მოვიქცეთ, თუ კრედიტის გადახდა შეუძლებელი ხდება?

იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტი პრობლემური ხდება, ნებისმიერი ადამიანი ეფექტურად შეძლებს ბანკთან თანამშრომლობას, თუ საკუთარი უფლებები ეცოდინება და მათ დაცვას მოითხოვს. 

პირველ რიგში, პირმა ბანკს საკუთარ შემოსავლებზე ორიენტირებული გადახდის გრაფიკი უნდა შესთავაზოს, არ უნდა წავიდეს დათმობაზე და, რაც მთავარია, არ დაუშვას საპროცენტო განაკვეთის ზრდა. არ ღირს დათანხმდეთ ისეთ რესტრუქტურიზაციას, რომელსაც, წინასწარვე იცით, რომ ვერ შეასრულებთ, ვინაიდან პრობლემა ორიოდე თვის გადავადებით არ მოიხსნება, გვირჩევს ზურაბ კუკულაძე.

მთავარი რეკომენდაცია მათთვის, ვინც ბანკთან შეთანხმებას ვერ შეძლებს: არ წამოეგოთ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიის მუშაობის სტილს, არ შეგეშინდეთ მუქარებისა და შანტაჟის, ხოლო შეთანხმება აუცილებლად გააფორმებინეთ წერილობით — ზეპირი შეთანხმება თქვენთვის წამგებიანია. ან თავად მიმართეთ სასამართლოს, ვინაიდან, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მოსამართლე, როგორც წესი, მოვალეს მხოლოდ ვალის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდას აკისრებს, ანუ გამოაქვს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურადაა ორიენტირებული კლიენტის ინტერესებზე და არა საფინანსო ინსტიტუტისა.

ყველა ახალი ამბავი
0