სამი კითხვა მთავარზე: ლარი

© photo: Sputnikვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი საქართველო კვლავაც დაძაბული აკვირდება ლარის კურსს. ქართული ეროვნული ვალუტა 2014 წლის ნოემბრიდან შეუქცევადად უფასურდება და აშშ დოლართან მიმართებით უკვე 40%-ზე მეტით დაეცა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართულმა ვალუტამ ნელა და ცვალებადი წარმატებით დაიწყო აღმასვლა. რა იქნება შემდეგ? „Sputnik საქართველომ“ ამ შეკითხვით ექსპერტებს მიმართა.
1. როგორია თქვენი პროგნოზი, რა დაემართება ლარის კურსს?
ლარის კურსის ვარდნას ბოლო თვეებში ის პანიკური განწყობა განაპირობებდა, რომელიც სართაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წარმოიშვა და შემდეგ ინვესტორებს გადაედო, — ვარაუდობს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ექსპერტი ლია ელიავა.

„ხდება დანაზოგის უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია და ქვეყნიდან უცხოური ინვესტიციების თანდათანობით გადინება, რის პარალელურად ასევე მიმდინარეობს ადგილობრივი ბიზნესმენების მიერ კაპიტალის ეტაპობრივად გატანა საზღვარგარეთ. ეს სწორედ ისაა, რამაც 2014 წლის ნოემბერში ვალუტის კურსის ვარდნა გამოიწვია. თუ ეს პროცესები არ შეჩერდება და ქვეყნიდან კაპიტალის გადინება გაძლიერდება, ლარის კურსი კიდევ მეტად დაეცემა და შესაძლოა 1 დოლარის ღირებულება 3 ლარს ან კიდევ მეტსაც გაუტოლდეს“, — გვაფრთხილებს ელიავა.

ექსპერტი მიხეილ დონდუა მიიჩნევს, რომ ვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსწორება შესაძლებელია, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკას შეცვლის და წარმოების კრედიტირებას შეუწყობს ხელს.
„ბოლო პერიოდში ლარის მოკლევადიანი გაუფასურება მეზობელ ქვეყნებში ვალუტების მკვეთრი დევალვაციით იყო განპირობებული. ეს დროებითი ფაქტორია, რომელიც სწრაფად დარეგულირდება და ლარი ისევ დაუბრუნდება 2.4 ნიშნულს. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივაში ვითარების გამოსწორებას, აქ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პოლიტიკის შეცვლა“, — თქვა ექსპერტმა.

დონდუას პროგნოზით, თუკი ეროვნული ბანკი პოლიტიკას გამოასწორებს, ლარის კურსი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ერთ დოლარზე 2.2 ლარის ნიშნულსაც დაუბრუნდეს.

ექსპერტი სოსო სიმონიშვილი ვარაუდობს, რომ ლარის კურსის დასასტაბილურებლად ეროვნულ ბანკს ყველა შესაძლებლობა არ გამოუყენებია.

„ბოლო ორთვენახევრის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი სავალუტო რესურსი უნდა გამოყოს, ჩაატაროს მეტი ინტერვენცია, გამოიყენოს სხვა ინსტრუმენტები, რათა კურსი შეინარჩუნოს და შემდგომ თვეებში ეს სავალუტო დანაკარგები შეივსოს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ამას სრულფასოვნად არ აკეთებს“, — აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, წლის ბოლოსა და წლის დასაწყისში ლარის კურსი ყოველთვის ეცემოდა, რაც ჩვეულებრივი ამბავია, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეროვნული ბანკი განსაკუთრებით ცდილობდა ლარის კურსის შენარჩუნებას.
„წლის ბოლოს ყველა მსხვილი კომპანია, რომელთა უმეტესობა უცხოური ინვესტიციებითაა დაარსებული, ითვლის მოგებას და  ვალუტის სახით გააქვს ქვეყნიდან. შესაბამისად, ამ პერიოდში ეს კომპანიები ინტენსიურად იძენენ დოლარს, რაც ბუნებრივია, ლარის კურსზე მოქმედებს“, — თქვა სიმონიშვილმა.
2. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ლარის კურსი შევაკავოთ?

სპეციალისტების დიაგნოზები რაღაცაში ემთხვევა, მაგრამ თითოეული საკუთარ მკურნალობას გვთავაზობს.

„საჭიროა სავალუტო ინტერვენციები, რომლებიც კომერციულ ბანკებში ვალუტის უკმარისობის შევსებასა და ქვეყნიდან კაპიტალის გადინების ადმინისტრაციული წესით შეზღუდვასაც მოიაზრებს და ფსიქოლოგიურ მეთოდსაც მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ არაფერი ცუდი არ ხდება, რათა პანიკა შეჩერდეს“, — გვირჩევს ექსპერტი ლია ელიავა.

ექსპერტი მიხეილ დონდუა კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია  საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის შეცვლა და პრინციპ „ბაზელი 3-ზე“ გადასვლა — წარმოებაზე ორიენტირებული კრედიტების წახალისება და იმ კრედიტების შეზღუდვა, რომლებიც იმპორტულ  შესყიდვებზეა მიმართული.

„თუ ეროვნული ბანკი სწორ პოლიტიკას გაატარებს, ის კრედიტები, რომლებიც დეფიციტს აღრმავებს, დოლარის შესყიდვასა და ქვეყნიდან მათ გადინებას ემსახურება, საბოლოო ჯამში შეიზღუდება, ხოლო ის კრედიტები, რომლებიც ეკონომიკის კრედიტირებასა და წარმოების აღორძინებას ითვალისწინებს — გაძლიერდება. ეს ფუნდამენტურად იმოქმედებს ლარის კურსის საწყის პოზიციაზე დაბრუნებაზე“, — განაცხადა ექსპერტმა.

იმავდროულად, სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს ინვესტიციების მოზიდვაზე და ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებაზე, — ამბობს დონდუა.

მისი თქმით, „დღეს არსებული 3%-ანი დეფიციტი არ ქმნის ფინანსური სტაბილურობის პრობლემას და ნეგატიურად არ მოქმედებს ლარის კურსზე — ეს სავალუტო ფონდთანაა შეთანხმებული“.

ასევე მნიშვნელოვანია სამთავრობო ხარჯების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება, — თქვა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მთლიან შიდაპროდუქტში მათი წილი 14%-დან 8%-მდე შემცირდა.

ექსპერტ სოსო სიმონიშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია „ეკონომიკის დოლარიზაციის“ შემცირება. მისი შეფასებით, ქვეყანაში დოლარიზაციის დონე 70%-ს აჭარბებს, რაც კანონდარღვევაა, — წუხილით აღნიშნა მან.

„შეუძლებელია, რომ ყველაფერი დოლარზე იყიდებოდეს, ხოლო ლარის კურსი უცვლელი იყოს. ამიტომ აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა კანონი დაიცვან, რომლის თანახმადაც ლარი გადახდის ერთადერთი საშუალებაა, და შეამცირონ ეკონომიკის დოლარიზაცია“, — თქვა ექსპერტმა.

ის გვაფრთხილებს, რომ ეკონომიკური ვითარება „ფულით თამაშის“ პროვოცირებას ახდენს, როდესაც კრედიტების გაცემა უფრო მომგებიანია, ვიდრე წარმოებაში ფულის ჩადება.

„ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთად უნდა შექმნან ისეთი ვითარება, როცა ფული რეალურ სექტორს მოხმარდება და წარმოებისკენ იქნება მიმართული. ეს შემოსავლებსაც გაზრდის, ეკონომიკის განვითარებასაც მისცემს სტიმულს და ლარსაც გაამყარებს, რადგან ეს პროცესები ურთიერთკავშირშია“, — აღნიშნა ექსპერტმა.

3. რა ვალუტაში უნდა შევინახოთ დანაზოგი?

ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ ფსონი ერთ უცხოურ ვალუტაზე არ გააკეთონ, ხოლო მთავრობას — რომ ყველაფერი გაკეთდეს ლარის გადახდის ერთადერთ საშუალებად შენარჩუნების თვალსაზრისით.

„მთავრობამ უნდა გაიხსენოს, რომ ქვეყანაში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი და არა დოლარი ან ევრო. აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში თავშიც კი არ გაივლოს ვინმემ, რომ ქვეყნის შიგნით სხვა ვალუტაზე რამის ყიდვა შეუძლია“, — თქვა ლია ელიავამ.

მიხეილ დონდუას რჩევით, დანაზოგის ერთი ნაწილი აუცილებლად უნდა შევინახოთ ლარში. ის დარწმუნებულია, რომ ვარდნის პიკმა უკვე გადაიარა.

„თუ გასავლები რაღაც პროპორციაში დოლარშია — ეს ნაწილი დოლარში უნდა იყოს, ხოლო შემოსავლების რაღაც ნაწილი ლარში უნდა შევინახოთ. იმ პროპორციის შესაბამისად, რაში ხარჯვაც გვიწევს. მით უმეტეს, რომ დოლარის შემდგომ გაუფასურებას აღარ ველით“, — განაცხადა ელიავამ.

ამასთან დონდუამ აღნიშნა, რომ იმ ხალხის მდგომარეობა, ვინც კრედიტს დოლარში ფარავს, სანამ ლარის კურსი მკვეთრად არ გაუმჯობესდება, მანამ კვლავ მძიმე იქნება.

დანაზოგი ოქროში უნდა შევინახოთ, ვინაიდან ეს ერთადერთია, რაც ყოველთვის ფასობს — მიაჩნია ექსპერტ სოსო სიმონიშვილს.
„ბრილიანტთან შედარებით — რომელიც შესაძლოა გაიაფდეს, თუკი დაწახნაგების მსოფლიო სტანდარტები შეიცვლება — ოქრო უფრო სტაბილურია. ასე უკვე მოხდა. რაც შეეხება ვალუტას, ყველაზე სტაბილურია კანადური ან ახალზელანდიური დოლარი. თუმცა მე მაინც, ასე ვთქვათ, უნივერსალური კალათის შექმნას გირჩევდით, ანუ დანაზოგის სხვადასხვა ვალუტაში შენახვას“, — თქვა სიმონიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0