თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომელთა შემადგენლობა ცვლილებებს ვერ მოითმენს და ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, იმედი გამოთქვა შპს „სტუდია მაესტროს“ ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ.
„სტუდია მაესტროს“ ახალმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ტელეარხის თანამშრომლებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შეხვედრა ტელეკომპანიის შენობაში გაიმართება, თუმცა ვინ შეხვდება მას, ჯერჯერობით უცნობია. თავდაპირველად ის ჟურნალისტებთან შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებდა, იუწყებიან ქართულ მედიასაშუალებები.
„მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, ვინ აპირებს ლევანთან მისვლას, მაგრამ ვინც არ უნდა მივიდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, პატივს ვცემ მის არჩევანს, იმიტომ, რომ მე მგონია, ნებისმიერ შემთხვევაში, „მაესტრო“ გააგრძელებს ფუნქციონირებას იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც აქვს და თითქმის იმ შემადგენლობით“, — განაცხადა გადაბაძემ „მაესტროს“ ეთერში.
დავა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება „მაესტროს“ დირექტორი, მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც მანამდე „სტუდია მაესტროს“ 25%-იან წილს ფლობდა, თებერვლის დასაწყისში კიდევ 30% შეიძინა და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. იმ დროისთვის კომპანიის დირექტორმა ბაია გადაბაძემ ის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში დაადანაშაულა.
„მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაც კი დაწერა და აღნიშნა, რომ თანამდებობას სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო ტოვებს. თუმცა, გადაბაძემ ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, მაშინვე გადაიფიქრა. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს. გადაბაძემ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, რომ ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად არ დაერეგისტრირებინათ.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, როდესაც დირექტორის რეგისტრაციის აკრძალვის მოთხოვნა თანამდებობაზე რეგისტრაციის მოთხოვნამდეა შეტანილი, თავდაპირველად აკრძალვის მოთხოვნა განიხილება, ხოლო შემდეგ — რეგისტრაციის მოთხოვნა. ამიტომ რეგისტრაციის მოთხოვნა აკრძალვის მოთხოვნის განხილვის დასრულებამდე დაიბლოკა.
ორშაბათს რეესტრმა გადაწყვეტილება მიიღო და გაჩეჩილაძე დირექტორად დაარეგისტრირა, რადგანაც ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა რეგისტრაციის თაობაზე კანონმდებლობას სრულად შეესაბამება.
გარდა ამისა, გადაბაძის სარჩელი არც თბილისის საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ღლონტის სარჩელი კი კვლავ განხილვის სტადიაშია.