შპს „სტუდია მაესტროს“ ახალი დირექტორი დარეგისტრირდა

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ მიიღო და მოთხოვნა მისი შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალურ დირექტორად რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ჩათვალა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა.

ამ გადაწყვეტილებას „სტუდია მაესტროს“ ყოფილი გენერალური მდივანი ბაია გადაბაძე და ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე მამუკა ღლონტი ეწინააღმდეგებოდნენ. მათ თებერვლის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საჯარო რეესტრს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს.

გადაბაძის სარჩელი არც თბილისის საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ღლონტის სარჩელი კი კვლავ განხილვის სტადიაშია.

ლევან გაჩეჩილაძის 2016 წლის 9 თებერვალს წარმოდგენილი მოთხოვნა მისი შპს,,სტუდია მაესტროს" დირექტორად რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია, აღნიშნულია რეესტრის განცხადებაში.

დავა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება „მაესტროს“ დირექტორი, მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც მანამდე „სტუდია მაესტროს“ 25%-იან წილს ფლობდა, თებერვლის დასაწყისში კიდევ 30% შეიძინა და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. იმ დროისთვის კომპანიის დირექტორმა ბაია გადაბაძემ ის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში დაადანაშაულა.

„მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაც კი დაწერა და აღნიშნა, რომ თანამდებობას სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო ტოვებს. თუმცა, გადაბაძემ ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, მაშინვე გადაიფიქრა. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს. გადაბაძემ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, რომ ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად არ დაერეგისტრირებინათ.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, როდესაც დირექტორის რეგისტრაციის აკრძალვის მოთხოვნა თანამდებობაზე რეგისტრაციის მოთხოვნამდეა შეტანილი, თავდაპირველად აკრძალვის მოთხოვნა განიხილება, ხოლო შემდეგ — რეგისტრაციის მოთხოვნა. ამიტომ რეგისტრაციის მოთხოვნა აკრძალვის მოთხოვნის განხილვის დასრულებამდე დაიბლოკა. დღეს კი რეესტრმა გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0