თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქალაქ ახალციხის მახლობლად საქართველო-თურქეთის საზღვართან 10 კაცი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. დაკავებულები ბანგლადეშის, პაკისტანის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.
„შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) და N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთებზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.