საქართველოში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშითბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო, გაამკაცრა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტზე.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველო, ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მიიღეს, — იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.

პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო, გაამკაცრა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტზე.

„სხდომაზე, მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების კონტექსტში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საბჭოს წევრებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერებასა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებაზე ისაუბრეს. დაიგეგმა სასაზღვრო რეჟიმის და სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გამკაცრების ღონისძიებები“, — ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0