თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება დაიწყო. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადას ესტუმრა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თინათინ ხიდაშელმა საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინამძღვართან, მუფთ ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად ბრიგადაში მომსახურე მუსლიმი სამხედროებისთვის ბაზის ტერიტორიაზე სამლოცველო გახსნა.
ამჟამად, III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი აღმსარებლობის 103 სამხედრო მსახურობს. სალოცავის გახსნის შემდეგ მუფთმა III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა. თავდაცვის მინისტრმა კი ჯარისკაცებთან საუბრისას დემოკრატიულ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დღესვე თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას სახმელეთო ჯარების ახლადდანიშნული დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე გააცნო, რომელსაც დასავლეთ სარდლობის შტაბს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.
III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამლოცველოს გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მუსლიმი სამხედროებისთვის სალოცავების გახსნა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერა. სამხედრო ქვედანაყოფებში სათანადო ღონისძიებების გატარება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას ისახავს მიზნად.