ბათუმი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. დღეს მუსულმანური სამყარო ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს - ბაირამ რამაზანს აღნიშნავს. ბათუმში დილიდან სადღესასწაულო ლოცვა აჭარის მუფტიამ ჯემალ პაქსაძემ ჩაატარა.
აჭარელ მუსულმანებს დღესასწაული მიულოცეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ, ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
წელს მუსულმანთათვის წმინდა მარხვა 11 აგვისტოს დაიწყო.
რამაზანი მუსულმანებს დაუწესდათ ხიჯრის მეორე წელს (622 წ.). ის სრულდება ტრადიციული მარხვით - ორუჯით, რომლის განმავლობაში მორწმუნენი ინახავენ მარხვას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე; მარხვისას დღის სინათლის დროს არ შეიძლება ჭამა, მოწევა, ცოლქმრული მოვალეობების შესრულება და სხვა. მარხვისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ბავშვები, ავადმყოფები, ფეხმძიმეები, ფრონტზე მებრძოლები, მოგზაურები.
აჭარაში ისლამის მიდევარი მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია. იქ დაახლოებით 50 ათასი მორწმუნე მუსულმანი ცხოვრობს.