თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის პიროვნება შესაძლოა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად გამოდგეს, მიაჩნია ტურიზმის ექსპერტ ნიკა კვარაცხელიას.
„ტურიზმისთვის უცხო არ არის ცნობილი ადამიანების სადემონსტრაციო მასალად გამოყენება. ტურისტული პროდუქტების ძალიან მაღალი პროცენტი აგებულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების კარგ „შეფუთვაზე“. ცნობილი პირების სახლ–მუზეუმები ერთმანეთს ტექნოლოგიების გამოყენებაში ეჯიბრებიან, ისე, რომ რეალურისა და წარმოსახვითის ერთმანეთისგან გარჩევა ძნელი ხდება. შეიძლება თუ არა იგივე გაკეთდეს სტალინის შემთხვევაში? მოისურვებს კი ხალხი ამის ნახვას? რა თქმა უნდა, არა ყველა, მაგრამ, ვფიქრობ, ტურისტთა 80% დაინტერესდება, რომ თუნდაც ერთხელ ნახოს უდიდესი ადამიანის სახლ-მუზეუმი“, — უთხრა კვარაცხელიამ Sputnik–ს.
ექსპერტის აზრით, სტალინის სახლ–მუზეუმს აუცილებლად მოინახულებდნენ ტურისტები ჩინეთიდან და სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან.
„ისეთი პიროვნებები, როგორიც სტალინი იყო, სცენიდან არ ჩამოდიან, მარადიულად შეუძლიათ არსებობა, რაოდენ ცუდი თუ კარგი იარლიყებიც უნდა მიაკერონ მათ. რაღა თქმა უნდა, შეგვიძლია მოვძებნოთ ასეთი ობიექტები, კარგად „შევფუთოთ“ და გიდების მეშვეობით საინტერესოდ მივაწოდოთ. ეს საკმაოდ შემოსავლიანი იქნება“, — დარწმუნებულია ნიკა კვარაცხელია.
მისი აზრით, სტალინის მიმართ საზოგადოებაში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მომავალში შეიცვლება.
„დიდი ადამიანები საზოგადოების გარეშე არ არსებობენ. მხოლოდ საზოგადოება ბადებს სტალინებს, მაკედონელებს, ნაპოლეონებს. იმ ეპოქამ და იმ საზოგადოებამ აქცია სტალინი ისეთად, როგორიც იყო. ამიტომ მისი სამსჯავროსთვის გადაცემა, როგორც ადამიანისა, არ შეიძლება, ვინაიდან ის მთელი ეპოქისა და საზოგადოების პროდუქტია“, — დასძინა კვარაცხელიამ.