თბილისი, 26 მაისი – Sputnik. რთული ეკონომიკური მდგომარეობა და ევროკავშირის პოლიტიკით განხიბლვა ქართველებს უბიძგებს, რომ დახმარება რუსეთში ეძებონ. და მსგავსად მოაზროვნეთა რაოდენობა თანდათან იზრდება, – მოჰყავს გერმანული გაზეთის, „დი ველთის“ ციტატა რუსულ საინფორმაციო პორტალ „ინოსმის“.
გულბაათ რცხილაძის საწერი მაგიდის თავზე ქართველი მეფის, ერეკლე II-ის პორტრეტი ჰკიდია. XVIII საუკუნეში ერეკლე მეფემ რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დიდთან პროტექტორატის თაობაზე ხელშეკრულება დადო. რცხილაძეს მიაჩნია, ეს არის დასტური იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დიდი ხნის ტრადიცია არსებობს. რცხილაძე ევრაზიულ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, რომლის პატარა ოფისიც თბილისის ცენტრში მდებარეობს. მაგიდაზე, ჰენრი კისინჯერის (Henry Kissinger) წიგნის გვერდით, წმინდა გიორგის ორდენის ნარინჯისფერ-შავი ბაფთები ალაგია. რუსეთში ეს ბაფთები საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიმბოლოდ მიიჩნევა, მაგრამ ახლა ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ამოსაცნობ ნიშნებად იქცა. საქართველოში წმინდა გიორგის ორდენის ბაფთებს არ სწყალობენ. მაისში რცხილაძემ ბაფთები ომის ვეტერანებს დაუგზავნა. მათთან ერთად კონვერტებში წამლების შესაძენად 17 ევროს ღირებულების სერთიფიკატებიც ელაგა.
საქართველოში 17 ევრო სახელმწიფო პენსიის თითქმის მესამედია. რცხილაძეს თადარიგში წვრილმანი საჩუქრებიც აქვს: გამარჯვების დღეს, 9 მაისს მან ლტოლვილთა ღარიბი ოჯახების ბავშვებისთვის ისტორიის კურსები მოაწყო. ყველას, ვინც კურსის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, აკვაპარკის ბილეთები გადაეცა საჩუქრად. მაგრამ რცხილაძისთვის საუბარი წარსულზე მეტად მომავალს ეხება.
„მრავალმა ქართველმა წარმატებას მხოლოდ რუსეთში მიაღწია“
რცხილაძე ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ლობისტს შორის, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ახალ დაახლოებას ემხრობა. „მრავალმა ქართველმა წარმატებას მხოლოდ რუსეთში მიაღწია“, – აღნიშნავს ის და მაგალითად ყველაზე მდიდარი ქართველი, საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოჰყავს. არის მეორე მაგალითიც – იოსებ ჯუღაშვილი: „სტალინი აქ მეწაღედ დარჩებოდა, რუსეთში კი უდიდეს პიროვნებად იქცა“.
რუსეთ–საქართველოს ომიდან შვიდი წელი გავიდა. მაშინ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოს მხარეს დადგა. მაგრამ ახლა საქართველოში სულ უფრო მეტ გავლენას იძენენ მოსკოვის მეგობრები და მათი ხმაც უფრო ხმამაღლა ჭექს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომელიც ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის „აზრის ფაბრიკამ“ ჩაატარა, იმ ქართველთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას უჭერენ მხარს, ისე მაღალია, როგორც არასდროს – 31%.
მოსკოვი ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა რცხილაძის ევრაზიული ინსტიტუტი, იმისთვის იყენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში საკუთარი ინტერესები გაატაროს და საკუთარი თვალსაზრისი განავრცოს. ამასთან საუბარია არა მხოლოდ რუსეთის პოზიტიური იმიჯის შექმნაზე, არამედ საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის კრიტიკაზეც. უკრაინის კრიზისმა შეაშფოთა საქართველო და ასევე რუსეთის მეზობელი სხვა სახელმწიფოებიც, თუმცა ნატოში ან ევროკავშირში შესვლის პერსპექტივებს ისინი ვერ იღებენ. ამგვარად, რთული ეკონომიკური მდგომარეობა და ევროკავშირის პოლიტიკით განხიბლვა ქართველებს უბიძგებს, რომ დახმარება რუსეთში ეძებონ და ასეთთა რაოდენობა თანდათან იზრდება.
ეკონომიკის ვარდნა მრავალი წელია მიმდინარეობს
რცხილაძე ფსონს ასეთ განწყობებზე დებს. „საქართველო არ ვითარდება“, – აღნიშნავს იგი. – „ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ბევრი ვალებშია ჩავარდნილი“. ამაში მას მრავალი ქართველი დაეთანხმება. 2014 წლის ბოლოდან ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა და ექსპორტის რაოდენობამაც მკვეთრად იკლო. „ევროპიდან ჩვენთან მხოლოდ კეთილი სიტყვები შემოდის და არა დახმარება“, – განაგრძობს რცხილაძე. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი რუსული მედია ხშირად აქვეყნებს რცხილაძის, როგორც საქართველოს პოლიტიკაში ექსპერტის ინტერვიუებს.
გულბაათ რცხილაძე პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გახლავთ. ოდესღაც ის ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობდა და სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად გრანტის მიღების შემდეგ ბევრი წელი გაატარა გერმანიაში. მისი სტრატეგია უპირველესად იმაში მდგომარეობს, რომ თავი წარმოაჩინოს არა როგორც რუსეთის მომხრემ, არამედ როგორც პატრიოტმა. ის პირობას დებს, რომ თუ საქართველო რუსეთს დაუახლოვდება, მოსკოვი ქართულ ექსპორტსა და დასაქმების მსურველებს ბაზარს გაუხსნის.
მისი თქმით, ნატოში ინტეგრაცია საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ალიანსის წევრი გახდება, საგანგებო სიტუაციაში დასავლეთი სამხედრო ჩარევისგან თავს შეიკავებს. რცხილაძე სიფრთხილეს იჩენს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის თემის განვრცობაზე საუბრისას. „ამბობენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა. აშშ–ს კი დანარჩენი საქართველო აქვთ ოკუპირებული“.
დემონსტრაციები თბილისში
ევრაზიის ინსტიტუტს კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის „აზრის ფაბრიკასთან“ – რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან. რცხილაძის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ის ამ დღეებში ჩამოვიდა მოსკოვიდან, სადაც ინსტიტუტის ხელმძღვანელს, სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს, ლეონიდ რეშოტნიკოვს შეხვდა.
ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში. მაისის ერთ საღამოს თბილისში მოულოდნელად გაიმართა დემონსტრაცია: შავებში ჩაცმულმა რამდენიმე ათეულმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ისინი ნატოს წინააღმდეგნი და საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრენი არიან. ბოლო დრომდე ასეთი მოვლენები სერიოზულად არ აღიქმებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა ქართველთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანი თემები გამოკვეთა: უმუშევრობა (66%), ინფლაცია (43%) და სიღარიბე (39%). სამი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა, რომელსაც ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ედგა სათავეში. მაშინ ბევრი ივანიშვილში მესიას ხედავდა მასში. მაგრამ ახლა კოალიციის რეიტინგი ეცემა. „მთავრობის მოღვაწეობით გამოწვეული განხიბლვა დიდია“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი ხათუნა ხოშტარია, რომელიც ქართულ ორგანიზაცია GRASS–ს წარმოადგენს.
ექს–პრემიერი საკუთარი ტელეგადაცემით
ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წელიწადნახევრის წინ გადადგა. ახლა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია, მაგრამ კულისებს მიღმა ძაფებს მისი ძალზე მდიდარი წინამორბედი ქაჩავს. „საგარეო პოლიტიკისა და ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილს უთანხმებს“, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომლის წევრიცაა ფანჯიკიძე, მმართველი კოალიციიდან გასული წლის ნოემბერში გავიდა. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს კვირაობით საკუთარი ტელეგადაცემა მიჰყავს. „გადაცემის მსვლელობისას ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები შეგვიძლია მთავრობისთვის მიცემულ პირდაპირ მითითებებად მივიჩნიოთ“, – ამბობს ფანჯიკიძე.
იმ დროს, როდესაც მთავრობა ხალხის მხარდაჭერას კარგავს, იზრდება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობა. სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს ატარებდა, თუმცა მისი მმართველობა თანდათან იძენდა ავტორიტარულ ხასიათს. ხალხი ამას ადვილად ვერ დაივიწყებს.
ამომრჩეველთა ნახევარი ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა არჩევანში
ყოფილი პრეზიდენტი საქართველომ ძებნილად გამოაცხადა, ბევრი მისი თანამებრძოლი კი ციხეში ზის. „ამიერიდან ჩვენთვის მეტი გამჭვირვალობა და კონტროლის შესაძლებლობაა აუცილებელი – ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც არჩევნებში დამარცხებამ მოგვცა“, – მიაჩნია უსაფრთხოების საბჭოს ყოფილ თვმჯდომარესა და სააკაშვილის პარტიის ლიდერს გიგა ბოკერიას.
ბოკერიას თქმით, არსებობს განზრახვა, ეკონომიკის სფეროში კვალავაც მისდიონ ლიბერალურ კურსს და დაიდოს გადასახადების შემცირებისა და ნაკლები რეგულირების პირობა. საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ახალმა მთვრობამ შემოიღო, ბოკერიას „ნელი მოქმედების ნაღმად“ მიაჩნია. ის ამბობს, რომ მისი პარტია შეამცირებს ბიუროკრატიულ და სოციალურ ხარჯებს. აღიქმება თუ არა ეს პოზიტიურად ღარიბ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისას, რომელიც მომავალი წლისთვისაა დანიშნული? პარტიის კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები ძალზე შესუსტდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მართვის სადავეები ხელიდან გააშვებინეს.
ამომრჩეველთა 45%-ს ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. განხიბლვის ასეთი დონით შეუძლიათ ისარგებლონ ისეთმა პრორუსულმა პარტიებმა, როგორებიც არიან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, რომლის ლიდერიც გახლავთ საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. გამოკითხვის თანახმად, ამ ორივე პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა 5% მისცემს ხმას.
ეს ბანაკი იმისათვის, რომ საკუთარი პრორუსული პოზიციის მიმართ კეთილგანწყობას მიაღწიოს, მხოლოდ ეკონომიკურ არგუმენტებს არ იშველიებს. ისმის მოწოდებები „ტრადიციული ფასეულობების“ გახსენების თაობაზე, რომლებიც დასავლეთთან დაახლოების შედეგად დაინგრა. მართლმადიდებლური ეკლესია დიდ როლს თამაშობს საქართველოში. პატრიარქის მოღვაწეობას მოსახლეობის 87% აფასებს დადებითად. აქ ფართოდაა გავრცელებული მტრული დამოკიდებულება ჰომოსექსუალებისადმი. „პრაქტიკულად ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ რისკავს ეკლესიის გაკრიტიკებას“, – შენიშნავს პოლიტოლოგი ხოშტარია. საქართველოს ეკლესიას კი კავშირი აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
ერთი წლის წინ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებას. მაგრამ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი რთულად მიდის წინ, ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლებელია დადებითი ცვლილებების აღქმა. ქართველებს იმედი აქვთ, რომ რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის შერბილებას მიაღწევენ.
მაგრამ საქართველო ამასაც ვერ მიიღებს. ეკა გიგაური, საქართველოში Transparency International-ის განყოფილების ხელმძღვანელი, შიშობს, რომ „რიგის სამიტის მერე განხიბლვა კიდევ უფრო მოიმატებს“. და ეს მაშინ, როცა, მისი შეფასებით, მოლდოვასთან შედარებით – რომლის მოქალაქეებიც უკვე სარგებლობენ შერბილებული სავიზო რეჟიმით – საქართველომ ბევრად დიდ წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში. ამას გარდა, გიგაური მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საქმეში შესამჩნევ პროგრესზეც მიგვითითებს.
„ჩვენი ქვეყანა ევროპას ეკუთვნის, სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, ხაზს უსვამს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, ის რიგაში „შესრულებული მოვალეობის გრძნობით აღსავსე“ მიდის და იმედი აქვს, რომ სავიზო რეჟიმის შერბილება მიმდინარე წელს რეალური გახდება. „ადამიანებს დიდი მოლოდინები აქვთ“, – შენიშნა მან. – „ისინი ერთი სამიტიდან მეორე სამიტამდე ცხოვრობენ“.
მთავრობა ევროკავშირისგან მტკიცედ მოითხოვს რომ უთხრან ქართველებს: „მოხარულნი ვართ თქვენი ხილვით ევროკავშირში“. ამ მოთხოვნას მხარს უჭერს პროდასავლური ოპოზიციაც. „მე, მართალია, ვაკრიტიკებ მთავრობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა არ უნდა დასაჯოს საქართველო მისი ხელისუფლების გამო“, – შენიშნავს გიგა ბოკერია, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
მსხვილ პარტიებს ვერ წარმოუდგენიათ ევროპული კურსის ალტერნატივა. იმიტომ, რომ საქართველოში ერეკლე II-ის დროიდან, ვისი პორტრეტიც ჰკიდია ლობისტ რცხილაძის ოფისში, იციან, რაოდენ ილუზორულია რუსეთთან ალიანსები. მიუხედავად პროტექტორატის შესახებ ხელშეკრულებისა, რუსული ჯარი არ გამოცხადდა საქართველოს დასახმარებლად, როცა XVIII საუკუნეში სპარსეთი თავს დაესხა ქვეყანას. ექვსი წლის შემდეგ კი რუსეთის იმპერიამ სრულად დაარღვია ხელშეკრულება და დაიპყრო საქართველო.