თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ვატიკანს რომის პაპის ფრანცისკის აზერბაიჯანში ჩასვლის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუდასტურებია. ამის შესახებ „Sputnik აზერბაიჯანს“ აზერბაიჯანში რომის კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო პრეფექტურის ორდინარიუსმა ვლადიმირ ფეკეტემ განუცხადა.
„როდესაც პონტიფიკოსის ჩამოსვლის შესახებ სიახლე წავიკითხე, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი. ეკლესია ჯერჯერობით მისი ვიზიტისთვის არ ემზადება, რადგან ვატიკანს მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. თუმცა არც ეს განცხადება უარუყვია“, — განაცხადა ფეკეტემ.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ აზერბაიჯანში ვატიკანის ელჩის ჩასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომელიც ბაქოში, ჩვეულებრივ, კათოლიკური აღდგომის დროს ჩადის.
„უფრო ადრე სომხურმა მასმედიამ უკვე განაცხადა, რომ აპრილში რომის პაპი ერევანს ეწვევა, მაგრამ ეს არ დადასტურდა“, — განაცხადა ორდინარიუსმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პაპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წრეებში საუბრობენ, რომ პაპი სამხრეთ კავკასიის მონახულებას აპირებს. წინასწარი მონაცემებით, ეს 2016 წლის სექტემბერში მოხდება, რომის პაპი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აპირებს ჩასვლას.
ამასთან, როგორც ბაქოს მულტიკულტურიზმის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა ტოფიკ აბასოვმა განაცხადა, თუ პაპი ფრანცისკი ბაქოს ეწვევა, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ვატიკანისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ვატიკანი ამჟამად თავისი სახელმწიფოს აქტიურ პოლიტიკას ატარებს. რომის პაპი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავს ვიზიტებს, ხოლო ის, რომ მარშრუტის ერთ-ერთი პუნქტი, შესაძლოა, ბაქო გახდეს, იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი წარმატებულ მულტიკულტურულ პოლიტიკას აწარმოებს“, — განაცხადა აბასოვმა.
ის ასევე მიიჩნევს, რომ ადრე პაპ იოანე-პავლე II-ის ვიზიტი ბაქოში, ასევე სხვა წინაპირობები ხელს უწყობს იმას, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი ყურადღება აზერბაიჯანზე. პაპი ფრანცისკის მიერ „სომხების გენოცოდის“ აღიარების ფაქტიც ვერ მოახდენს გავლენას მის ვიზიტზე აზერბაიჯანში, რადგან ოფიციალურ ბაქოსა და ვატიკანს დიდი ხნის დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.
„ვატიკანში ჩვენს ინტერესებს საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩო წარმოადგენს, ვატიკანს თავისი წარმომადგენელი ჰყავს ბაქოში. ჩვენ ვიცით, რომ ადრე, ბაქოში პაპ იოანე-პავლე II-ის ვიზიტისას აზერბაიჯანის მთავრობამ არც თუ მრავალრიცხოვანი კათოლიკური თემისთვის ბაქოს ხათაის რაიონში მიწის ნაკვეთი გამოყო. იქვე აშენდა კათოლიკური ეკლესია. ამიტომ ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. მას პოზიტიური ფონი აქვს“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.
თუ პონტიფიკოსი აზერბაიჯანს მაინც ეწვევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების საკითხი ცივილიზაციათა შორის დიალოგის კონტექსტში. აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გააგრძელა თავისი ტრადიციები და ამ სფეროში ბევრი რამ გააკეთა. ქვეყანაში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიების წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. აზერბაიჯანი პოლიკონფესიური ქვეყანაა და ამჟამად ქვეყანაში ორმოცზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლობა ცხოვრობს.
უნდა აღინიშნოს, რომ პაპის ვიზიტზე საქართველოშიც საუბრობდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, რომის პაპი ფრანცისკი საქართველოს, წინასწარი ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში ეწვევა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“. საქართველოში ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში გაიმართება.
ამ საკითხზე ვაშაყმაძემ რომის კათოლიკური ეკლესიის ამიერკავკასიის ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსთან (Giuseppe Pasotto) ისაუბრა.
„სავარაუდო თარიღია სექტემბრის დასაწყისი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ის მხოლოდ საქართველოს არ ეწვევა. ის ჩავა ერევანსა და ბაქოში“, — განაცხადა ვაშაყმაძემ.
საქართველოს საპატრიარქომ ეს ვიზიტი ვატიკანში ქვეყნის ელჩ თამარ გრძელიძესთან უკვე განიხილა.