თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ჰავანის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ დარბაზში ისტორიული ფაქტი მოხდა — მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი და რომის პაპი ფრანცისკი ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრის დიდი ნაწილი, რომელსაც მედიასაშუალებების 200-დე ჟურნალისტი ესწრებოდა, პრესისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც თითქმის 2 საათი გაგრძელდა, დეკლარაცია იქნა მიღებული, რომლის ძირითადი საფუძველი გახდა ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნის საკითხი.
„ჩვენი ხედვა პირველ ყოვლისა მიმართულია მსოფლიოს იმ რეგიონებისკენ, სადაც ქრისტიანთა დევნა ხდება. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ბევრ ქვეყანაში ქრისტეს რწმენის გამო ჩვენი ძმები და დები იღუპებიან და ქალაქები ნადგურდება… ჩვენ დიდი ტკივილით ვადევნებთ ყურადღებას ქრისტიანების ამ მიწებიდან მასობრივ გამოდევნას“, — ნათქვამია დოკუმენტში.
იერარქიების უმაღლესმა პირებმა სირიაში 2013 წელს გატაცებული მიტროპოლიტების — პავლესა (ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია) და გრიგორი იოანე იბრაჰიმის გათავისუფლების საკითხში დახმარება ითხოვეს. 2015 წელს მათი სიკვლიდით დასჯის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში დაძაბულ ვითარებაზე, სადაც ურთიერთდაპირისპირებამ „მშვიდობიან მოსახლეობას უამრავი განსაცდელი, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი მოუვლინა“.
სამღვდელოების მეთაურებმა მორწმუნეებს ლოცვისკენ, რათა „უფალმა თავისი მადლით იხსნას სამყარო ახალი მსოფლიო ომისგან“, ხოლო კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდეს.
რომის პაპმა და რუსეთი პატრიარქმა აღნიშნეს, რომ ყველა ქრისტიანი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები კი არა, არამედ ძმები არიან — და მართლმადიდებლებმა და კათოლიკებმა ერთად ცხოვრება, სიკეთითა და სიყვარულით უნდა ისწავლონ.
დეკლარაციაში საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით არის ყურდღება გამახვილებული, კერძოდ, ევთანაზიისა და აბორტების თემისადმი. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების პატივისცემა სათანადოდ არ ხდება.
შეხვედრის დასასრულს პაპმა ფრანცისკიმ რუსეთის პატრიარქს საჩუქარი გადასცა, პატრიარქმა კირილმა კი ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ესპანურ ენაზე გამოცემული თავისი წიგნი უსახსოვრა.
რომის პაპის განცხადებით, თუ კუბა მომავალშიც ორგანიზებას გაუწევს ამ ფორმატის შეხვედრებს, მაშინ ჰავანა შეიძლება იქცეს კათოლიკური და მართლმადიდებლური სამყაროს დიალოგის ადგილად.