თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ბიზნეს–საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა თბილისში შემოდგომაზე იგეგმება, — განაცხადა პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში ზურაბ აბაშიძემ Sputnik–სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„რაც შეეხება ბიზნეს–კონტაქტებს, განიხილება საკითხი, რომ შეხვედრები სავაჭრო პალატების დონეზე გაიმართოს. შეხვედრები თბილისში შემოდგომაზე ჩატარდება. თარიღის თქმა ჯერ არ შემიძლია, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ უფრო კონკრეტულად გვეცოდინება… ახლა ამაზე მუშაობენ და ერთმანეთთან კონტაქტებიც აქვთ“, — თქვა აბაშიძემ.
დიპლომატის თქმით, რუსული ბიზნესისთვის საქართველოში ინვესტირება იმითაა საინტერესო, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს.
„ადრე ამას გარკვეული ეჭვით უყურებდნენ, ახლა კი ირკვევა, რომ ამაში ცუდი არავისთვის არაფერია. რუსული ბიზნესისთვის ქართული სივრცე ევროპულ ბაზარზე გასვლის კუთხით არის საინტერესო. სხვა ქვეყნები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით. ჩვენში რუსული ბიზნესისთვის, რუსული ინვესტიციებისთვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, კარგი პირობებია: საინვესტიციო კლიმატი და, ზოგადად, კარგი ბუნებრივი კლიმატიც“, — დასძინა აბაშიძემ.