თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „მრეწველთა“ პარტია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.
„მრეწველთა“ ლიდერ გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს შორის არსებული კონფლიქტის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაცია მმართველი კოალიციის ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდეს. თოფაძემ ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. პოლიტიკოსებს შორის კამათი ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა ფართოდ გააშუქეს.
„პრემიერ–მინისტრის განცხადების შინაარსს სრულად ვეთანხმები. სრულად ვიზიარებ მის განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა იხილებოდეს და რომ დაპირისპირება უნდა შეწყდეს. მინდა ვთქვა, რომ პრემიერ–მინისტრის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმებით, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ტყემალაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
თოფაძე პარტიის ლიდერია, ამიტომ ეს არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი პოლიტიკური გაერთიანების საკითხია, აღნიშნა მან. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ განვიხილავთ პარტიას თოფაძის გარაშე“, – დასძინა დეპუტატმა. თვითონ თოფაძე თვლის, რომ პრემიერ–მინისტრმა ძალიან კარგი განცხადება გააკეთა.
„პრემიერის განცხადებას გავეცანი და მივესალმები. ამ დღეებში პოლიტსაბჭოს სხდომაზე შევიკრიბებით და იქ ყველაფერი გადაწყდება“, – თქვა თოფაძემ.
უკვე ცნობილია, რომ მმართველი კოალიციის შიგნით შექმნილ რთულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერი დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს შეხვდება.
არჩევნები საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად მმართველი კოალიციის წევრი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 49,5%-ით გაიმარჯვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს მხოლოდ 3,67%-ით აჯობა.
ოპოზიციის აზრით, არჩევნების შედეგებზე მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობამ, ასევე ხმების დათვლის დროს თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ იმოქმედა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით 25 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობის შემდეგ 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა.
ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.