დეპუტატებმა სტალინის შესახებ თოფაძის განცხადება დაგმეს

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საჯარო ადგილებში ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენებას 2013 წლის 25 დეკემბერს „თავისუფლების ქარტიაში“ შეტანილი ცვლილებები კრძალავს.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ სტალინის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სამი ფრაქციის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ „თავისუფლების ქარტია“ ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს. 

მანამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ იოსებ სტალინი დიდი პიროვნება იყო, ამიტომ მისი სურათები საქართველოს ყველა კაბინეტში მალე გამოჩნდება.

„შეძრწუნებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის მიერ იოსებ სტალინთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, , რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი პოლიტიკური პარტიების — "ქართული ოცნების", "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" — ერთმნიშვნელოვან პოზიციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საჯარო ადგილებში ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენებას 2013 წლის 25 დეკემბერს „თავისუფლების ქარტიაში“ შეტანილი ცვლილებები კრძალავს.

„ამ სიმბოლიკას განეკუთვნება ასევე ყოფილი საბჭოთა დიქტატორის — იოსებ სტალინის სურათები. რა თქმა უნდა, რომ ბატონ თოფაძეს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოსაზრებების ან წინადადებების რეალიზება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა თოფაძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

განცხადებას ხელს აწერენ „ქართული ოცნების“ წევრები – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარ თედო ჯაფარიძე („ქართული ოცნება“), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ("რესპუბლიკელები") და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ("თავისუფალი დემოკრატები").

 „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის მაისის ბოლოს მიიღო. ქარტია საჯარო ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ ნაკადზე კონტროლს აწესებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0