თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების შესაჩერებლად გადამწყვეტი ზომები მიიღოს.
მმართველ კოალიციაში შიდა კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „მრეწველმა“ დეპუტატმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში უკანონოდ ჩარევაში დაადანაშაულა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დაიწყო ეს დაპირისპირება, დასძინა მან.
„ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
არჩევნები საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, რომელშიც მმართველი კოალიციის წევრი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 49,5%-ით გაიმარჯვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს მხოლოდ 3,67%-ით აჯობა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებზე მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობამ, ასევე ხმების დათვლის დროს თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ იმოქმედა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით.