თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს თავს ორი მამაკაცი, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღი, ჩაქუჩი და ბეისბოლის ჯოხი ჰქონდათ, — განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ დაჭრილი პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ.
შეგახსენებთ: ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე ყოფნისას ესროლეს. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებითა და თავისა და ზურგის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიტიკოსს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„როგორც კი ბუკა (ალექსი პეტრიაშვილი) გონზე მოვიდა, ოჯახის წევრების შემდეგ მის მოსანახულებლად მეც შევედი. ვერ აღგიწერთ, რა მძიმე სანახაობა იყო. ჩემი თხოვნით, მან დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა იმ ავბედით დღეს საბურთალოს სასაფლაოზე“, — ციტირებს გოგუაძის სიტყვებს გაზეთი „კვირის პალიტრა“.
მისი თქმით, პეტრიაშვილი იმ დღეს საბურთალოს სასაფლაოზე წავიდა, რადგანაც 26 თებერვალი იქ დაკრძალული ყოფილი დიპლომატის, ლევან მიქელაძის დაბადების დღეა. სასაფლაოზე პოლიტიკოსი სამ მეგობარს შეხვდა, მათ შორის იყვნენ კახა საკანდელიძე და ზურა ლომაშვილი. პეტრიაშვილმა საფლავზე სანთელი დაანთო და მეგობრებს გაესაუბრა.
„ამ დროს ვიღაც მიეპარა და ჩაქუჩი ჩაარტყა. ბუკა არ წაქცეულა, შებრუნდა და თავდამსხმელს ჩაქუჩიანი ხელი დაუჭირა. როგორც ბუკა იხსენებს, მას ორი დაესხა თავს. ერთი ძალიან მაღალი, სპორტული აღნაგობის იყო და კეპი ეხურა. მეორე შედარებით გამხდარი იყო, კაპიუშონითა და ნიღბით… ბუკა მაღალს წინააღმდეგობას უწევდა და ამ დროს დავარდნილა. თავდამსხმელს უთქვამს, ხელი მომაშორე, თორემ უარესი დაგემართებაო. ამ დროს ჩაქუჩი მეორე ხელში გადაუტანია და თავში ჩაურტყამს… კაპიუშონიანს კი ტყვიები დაუხლია… ჰემატომა პირდაპირ საფეთქელთან აქვს“, — განაცხადა გოგუაძემ.
მეორე თავდამსხმელს იარაღი და ბეისბოლის ჯოხი ჰქონდა. მან პეტრიაშვილის მეგობრებს იარაღი დაუმიზნა და უბრძანა, არ ჩარეულიყვნენ, აღნიშნა გოგუაძემ.
„როცა ამ მაღალმა დავარდნილ ბუკას კიდევ ერთხელ ჩაარტყა ჩაქუჩი თავში, მეორემ სროლა დაიწყო… სროლის შემდეგ, როგორც ჩანს, კიდევ უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ბუკას. ხმაური ხალხის ყურამდე მივიდა. ერთმა ქალმა იყვირა, რომ 112-ში დარეკა და პოლიცია მოდის. ისინი მაშინვე გაიქცნენ. როგორც ამბობენ, მანქანა სიახლოვეს არავის დაუნახავს. ეტყობა, უმანქანოდ იყვნენ“, — აღნიშნა გოგუაძემ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ჯანმრთელობისთვის განზრახ დიდი ზიანის მიყენება“.
პეტრიაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია. მას სახელმწიფო მინისტრის პოსტი 2012-2014 წლებში ეკავა.