თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. „საქნახშირი GIG“-ის კომპანიის ხელმძღვანელობა ტყიბულის მაღაროს დაკონსერვებას გეგმავს, განაცხადა კომპანიის ფინამსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
ტყიბულში მაღაროელები უკვე 15 დღეა რაც შიმშილობენ. აქციის მონაწილეები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მაღაროს მათ მიერ წამოყენებული პირობების — ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება — შესრულების შემდეგ დაუბრუნდებიან. მაღაროელებს სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უჭერენ მხარს.
„მაღაროში რიგი ტექნიკური პრობლემები წარმოიშვა, აქედან გამომდინარე, საჭიროა განსაზღვრული კონსერვაციული სამუშაოების ჩატარება იმისათვის, რომ პირველ რიგში, მაღაროს უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, — განაცხადა გელენიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი სიტყვებით, კომპანიას კომერციული კუთხით პრობლემები შეექმნა.
გელენიძემ აღნიშნა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გაფიცულ მაღაროელებს ორი თვის განმავლობაში ხელფასების 5%-ით მომატება და სამომავლოდ ხელფასების ოპტიმიზაციისთვის კონკრეტული გზების მოძიება შესთავაზა.
კომპანიის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე დათანხმებას მაღაროელები არ აპირებენ. ისინი იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაოს, თუ ხელფასები 20%-ით გაიზრდება.
„ჩვენ გარკვეულ დათმობაზე მივდივართ და თუ 20%-იანი ზრდა იქნება, ჩვენ დღსვე შევუდგებით მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გავაგრძელებთ“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზაზა ცირეკიძემ.
ხელფასების მომატებაზე მაღაროელებმა საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეკემბრის თვეში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული. ამ კანონის მიღების შემდეგ, ტყიბულსა და მასში შემავალ 14 სოფელს, რომელთაც მანამდე მაღალმთიანი ზონის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, ეს სტატუსი შეუჩერდათ.