თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ გაფიცული მაღაროელები კომპანია „საქნახშირი GIG–ის“ შენობაში შეიჭრნენ, ვითარება ტყიბულში კონტროლირებადია, — იუწყება სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" შს სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით.
მას შემდეგ, რაც გაფიცულმა მაღაროელებმა გაიგეს, რომ „საქნახშირი“ მათი ხელფასების საკითხს მხოლოდ ორი თვის შემდეგ გადახედავდა, პარასკევს, საღამოს, ისინი ნახშირმომპოვებელი კომპანიის შენობაში შეიჭრნენ.
„ტყიბულის რაიონული პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ მაღაროს ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, შენობის ფანჯრები დააზიანეს და შიგნით შეიჭრნენ. საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები. ამ დროისათვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, — ციტირებს სააგენტო შსს–ის თანამშრომელს.
გაფიცული მაღაროელები ხელფასები მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და „საქნახშირი GIG–ის“ ხელმძღვანელობასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მოითხოვენ.
ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ქალაქ ტყიბულსა და კიდევ 14 სოფელს, რომლებიც მანამდე მაღალმთიან ზონას განეკუთვნებოდნენ, სტატუსი შეუჩერდათ. შესაბამისად, 2016 წლის იანვრიდან მაღაროელები იბეგრებიან არა 10%-ით, არამედ 20%-ით.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს ამზადებს, რომელთა თანახმადაც მაღაროელებს შეღავათები შეუნარჩუნდებათ.