ელისო ჩაფიძე: „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმებს არ ვუყენებ!

© tengiz chochuaელისო ჩაფიძე
ელისო ჩაფიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე მაღაროელთა გაფიცვის ფაქტზე საუბრობს და მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს. თუ როგორ აფასებს ტყიბულში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტს და რატომ აპირებს ეთიკის ქარტიისთვის მიმართვას, ელისო ჩაფიძე „sputnik“-ის ჟურნალისტ თენგიზ ჩოჩუას ესაუბრა.

— დღეს წავიკითხე, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმებს ვუყენებ. ძალიან არ მინდა იმ მედიასაშუალების დასახელება, რომელიც ასეთი ტიპის სპეკულაციებს ეწევა, მაგრამ მინდა ვთხოვო ყველას, რომ დაიცვან სიზუსტე იმ გამონათქვამებში, რომლებსაც მე ვაკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს მივმართო ეთიკის ქარტიას. ხდება ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. ისედაც რთული ვითარებაა და არ მინდა დავიჯერო, რომ რომელიმე მედიასაშუალება მიზანმიმართულად ცდილობს გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირების გაღვივებას. 
- ტყიბულში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას როგორ აფასებთ?

— ის რაც გუშინ მოხდა, იყო ძალიან არასასიამოვნო. მაგრამ, ძალიან კარგია, რომ ორივე მხარემ გამოიჩინა კეთილგონიერება და რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, არ მინდა, რომ ჩვენი შეფასებებით კიდევ უფრო გავამწვავით სიტუაცია. მინდა ორივე მხარეს მოვუწოდო სიმშვიდისკენ და მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებისკენ. თუკი ეს ვერ ხერხდება ადმინისტრაციის შენობაში, ჩვენ მზად ვართ, რომ ბიუროს ოთახი დავუთმოთ მხარეებს, რათა მოლაპარაკებები ცივი გონებით გამართონ.

- 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად კომპანია ვალდებულია, რომ მაღაროელთა ხელფასის ინდექსაცია მოახდინოს. რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე გაფიცული მუშებისთვის ხელფასის გაზრდა?

— დიახ, 2011 წელს გაფორმდა მემორანდუმი კომპანიასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის. ამ მემორანდუმის მიხედვით, კომპანია „ჯი-აი-ჯი“ იღებდა საკუთარ თავზე ვალდებულებას, რომ მოახდენდა მეშახტეების ხელფასების ინდექსაციას. მართალია, ქვანახშირის ფასი შემცირდა, მაგრამ დღესაც ქვანახშირს შეისყიდის „ჰაიდელბერგ ცემენტი“ და ნებისმიერი მომხარებელი, ვინც იღებს ქვანახშირს, ყიდულობს დოლარის კურსით. ამიტომ, კომპანია ამ კუთხით ზარალს არ განიცდის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხელფასების გაზრდის რესურსი ნამდვილად არსებობს და უფრო მეტიც, დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელთ არსბეული მემორანდუმით ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ კომპანიის წარმომადგენლებს თავის დროზე ხელი აქვთ მოწერილი, რომ მოხდეს ხელფასების ინდექსაცია.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ მეშახტეების მოთხოვნები სამართლიანია. მეშახტეებმა ჯერ კიდევ 8 იანვარს მიმართეს ადმინისტრაციას გარკვეული მოთხოვნებით და ამ მოთხოვნებზე პასუხი დღემდე არ ყოფილა. 
- როდის აპირებთ  ტყიბულში ჩასვლას?

— ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი რამდენიმე დღეა ადგილზე იმყოფება. ჩემი ბიუროს წამომადგენელი იქ არის მუდმივად და მონაწილეობს პროცესებში.

მე, როგორც პარლამენტარს, მაქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგალითად, დავესწრო კომიტეტის სხდომებს, ამიტომ მიწევს აქ ყოფნაც. როგორც კი საშუალება მექნება, რა თქმა უნდა, გავემგზავრები ტყიბულში.

ყველა ახალი ამბავი
0