თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ნახშირმომპოვებელი კომპანია „საქნახშირი GIG“-ის ხელმძღვანელობამ გაფიცულ მაღაროელებს ორი თვის განმავლობაში ხელფასის 5%-ით გაზრდა შესთავაზა, განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
ტყიბულელი მაღაროელები უკვე 14 დღეა დაფიცული არიან. აქციის მონაწილეები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაოს მხოლოდ მათი მოთხოვნების — ხელფასების გაზრდისა და შრომის პირობების გაუმჯობესების შესრულების შემდეგ დაუბრუნდებიან. მათ მხარს უჭერენ სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წრმომადგენლები.
„ჩვენი შეთავაზებაა, რომ სახელფასო განაკვეთების გადახედვა განხორციელდება 5 %-ის ოდენობით მომავალი თვიდან და ასევე განხორციელდება სრული სარევიზიო არსებული სახელფასო სისტემის მომდევნო ორი თვის განმავლობაში და გამოინახება შემდგომი ოპტიმიზაციის გზები,“ – განაცხადა ზურაბ გელენიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
გელენიძის წინადადებას მაღაროელები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.
„ეს დაცინვაა. ხელფასის 5%-ით მომატება — ამ ადამიანების დაცინვაა, ვინც აქ დგას“, — განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ქალაქ ტყიბულსა და კიდევ 14 სოფელს, რომლებიც მანამდე მაღალმთიან ზონას განეკუთვნებოდნენ, სტატუსი შეუჩერდათ. შესაბამისად, 2016 წლის იანვრიდან მაღაროელები იბეგრებიან არა 10%-ით, არამედ 20%-ით.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს ამზადებს, რომელთა თანახმადაც მაღაროელებს შეღავათები შეუნარჩუნდებათ.
ტყიბულელი მაღაროელები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ, ვინაიდან 2016 წლის იანვრიდან ქალაქი მაღალმთიანი ზონის დასახლებების ნუსხიდან ამოიღეს და მაღაროელებს საგადასახადო შეღავათები მოეხსნათ.ტყიბულელი მაღაროელები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ, ვინაიდან 2016 წლის იანვრიდან ქალაქი მაღალმთიანი ზონის დასახლებების ნუსხიდან ამოიღეს და მაღაროელებს საგადასახადო შეღავათები მოეხსნათ.