თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო პარასკევს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) მეცხრე პრეზიდენტად აირჩიეს. ახლა 45 წლის ფუნქციონერის პირველადი ამოცანა ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანაა.
პრეზიდენტის არჩევნები ციურიხში ფიფას რიგგარეშე კონგრესის ფარგლებში გაიმართა. კენჭისყრა ორ რაუნდად ჩატარდა და თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა. ეს 1974 წლიდან პირველი შემთხვევაა. ინფანტინოს გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი, შეიხი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ფრანგი ჟერომ შამპანი. სამხრეთაფრიკელმა ტოკიო სეკსვალემ თავისი კანდიდატურა პარასკევს მოხსნა.
მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პიკეტები
ტრადიციისამბერ, „ჰალენშტადიონის“ შენობასთან, სადაც კონგრესი მიმდინარეობდა, პროტესტანტების სხვადასხვა ჯგუფები შეიკრიბნენ. დაახლოებით 20 ადამიანს სალმანის გამოსახულებით პლაკატები ეკავა. ისინი სალმანის, როგორც ყველაზე პატიოსანი კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდიოდნენ. იქვე იყო ფიფას ყოფილი დაქირავებული თანამშრომელი პიტერ ლამპარტი, რომელიც მსურველებს საპონს ურიგებდა, ამგვარად ის ყველას ორგანიზაციის ტოპ-მენეჯმენტის კორუფციისგან გაწმენდისკენ მოუწოდებდა.
კოგრესის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ შენობის მოპირდაპირე მხარეს უკვე სალმანის მოწინააღმდეგეები გამოჩნდნენ, რომლებიც ბაჰრეინის დროშას აფრიალებდნენ და მოუწოდებდნენ, რომ ხმა არ მიეცათ შეიხისთვის — ტირანისა და დიქტატორისთვის.
კონგრესს ფიფას ყველა — 209 ასოციაცია-წევრის წარმომადგენელი ესწრებოდა, მაგრამ ხმის უფლება არ ჰქონდათ გადაყენებულ ინდონეზიისა და ქუვეითის ფეხბურთის ფედერაციებს. მათზე გადაწყვეტილებას ორგანიზაციის კონგრესი მექსიკაში, მაისში მიიღებს.
არჩევნების დაწყების წინ კანდიდატებს 15-წუთიანი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. ყველაზე ემოციური გამოსვლა სამხრეთაფრიკელ სეკსვალეს ჰქონდა, რომელმაც ბოლოს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. შედეგად ოთხი კანდიდატურა დარჩა, რომელთაგან გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა — 2/3 — პირველ რაუნდში ვერცერთმა მიიღო. ინფანტინომ 88 ხმა მიიღო, შეიხმა სალმანმა — 85, პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა — 27, ჟერომ შამპანმა — 7. მეორე რაუნდში ინფანტინომ 115 დელეგატის ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
„ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ემოციების გამოხატვა მიჭირს. ვამბობდი, რომ გრძელი გზა გავიარე, გზა, რომელმაც შესანიშნავ ადამიანებთან შეხვედრამდე მიმიყვანა, რომლებიც ფეხბურთით სუნთქავენ და იმსახურებენ, რომ ფიფა პატივსაცემი ორგანიზაცია იყოს. ჩვენ აღვადგენთ ფიფასადმი ნდობას და ყველა ტაშს დაგვიკრავს. ვიამაყებთ იმით, რასაც ვაკეთებთ“, — განაცხადა ინფანტინომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
ინფანტინო ამ პოსტზე იოზეფ ბლატერს შეცვლის, რომელიც უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინისთვის 2011 წელს ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის, სავარაუდოდ, უკანონო გადარიცხვის გამო ყოველგვარ საფეხბურთო საქმიანობას ექვსი წლის ვადით ჩამოაშორეს. „ინფანტინოს აქვს გამოცდილება, ცოდნა, სტრატეგიული და დიპლომატიური უნარები. მას ყველა თვისება აქვს, რომ ჩემი სამუშაო განაგრძოს და ფიფა სტაბილური გახადოს“, — აღნიშნა ბლატერმა.
რეფორმებს ყველამ არ დაუჭირა მხარი
კონგრესზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო რეფორმების პაკეტის მიღება. პაკეტი სპეციალურმა კომისიამ ფიფაში კორუფციული სკანდალის დაწყების შემდეგ მოამზადა. რეფორმებს მხარი 2015 წლის დეკემბერს ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, მაგრამ ამჯერად რეფორმების მოწინააღმდეგეები გამოჩნდნენ. მაგალითად, პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა შემოთავაზებული რეფორმები გააკრიტიკა, მისი აზრით ეს პაკეტი ფიფას კომერციულ კომპანიად აქცევს. შედეგად ფიფას წესდებაში შესწორებებს მხარი დაუჭირა 179-მა დელეგატმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა — 22.
მიღებულ ძირითად რეფორმებს შორის უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ერთი ადამიანის ყოფნა სამი ვადით (ერთი ვადა ოთხწლიანია) შეიზღუდება. ეს შეზღუდვა ეხებათ საბჭოს წევრებს, ფიფას აუდიტისა და წესების დაცვის კომიტეტის წევრებს და მის სასამართლო ორგანოებს.
ორგანიზაციის მართვის ახალი სტრუქტურის თანახმად, არსებული აღმასრულებელი კომიტეტი შეცვლის საბჭოს ფიფას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომელიც იმუშავებს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიულ საკითხებზე და გენერალურ სამდივნოს მეთვალყურეობას გაუწევს. სამდივნოს ფუნქცია ორგანიზაციის ყოველდღიური მართვა იქნება. საბჭოში 36 ადამიანი შევა: უეფას 9 წევრი, 7-7 — აზიისა და აფრიკის კონფედერაციებიდან, 5 — ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის კონფედერაციიდან, 5 — სამხრეთ ამერიკის კონფედერაციიდან და 3 — ოკეანეთის კონფერედაციიდან. თითოეული კონფედერაციიდან საბჭოში მინიმუმ ერთი ქალი უნდა იყოს წარმოდგენილი.
ამას გარდა, ორგანიზაციის კომიტეტების რაოდენობა 26-დან 9-მდე შემცირდა. ამასთან, შეიქმნება დაინტერესებულ მხარეთა ახალი კომიტეტი, სადაც კლუბებისა და ეროვნული ლიგების წარმომადგენელი ფეხბურთელები შევლენ. ასევე, ყოველწლიურად გასაჯაროვდება პრეზიდენტის, გენერალური მდივნის, საბჭოს წევრების, დამოუკიდებელი კომიტეტებისა და ორგანიზაციის სასამართლო ორგანოების წარმომადგენელთა ხელფასები.
რაც შეეხება ფინანსებს, ფიფას გენერალური მდივნის მოვალეობების შემსრულებელმა მარკუს კატნერმა დაადასტურა, რომ ორგანიზაცია რთულ ვითარებაშია და 2015-2018 წლების ციკლის შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დანაკლისი აქვს. „ფიფა რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ ხელისულების მხრიდან დიდ ზეწოლას წავაწყდით, მიმდინარეობს სხვადასხვა სამართლებრივი გამოძიება. რთულია ეკონომიკური ვითარებაც, უფლებების კომერციულ გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესი. წელს ბიუჯეტის დეფიციტი იქნება, რაც ასევე უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს რეზერვებზე, 2015-2018 წლების საშემოსავლო ნაწილში დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარი არ გვყოფნის. ჩვენი ხარჯები დიდი ყურადღებით უნდა გავაკონტროლოთ“, — განაცხდა კატნერმა.
ასევე, კონგრესის წევრებმა ხმა მისცეს ფიფას გამოძიების კომიტეტის პალატის თავმჯდომარის მოადგილედ ეთიკის კუთხით ჯიმრაბაი ბურნგარის დანიშვნას (2017 წელს ფიფას კონგრესამდე) და კანოვერ უოტსონის აუდიტისა და წესების დაცვის კომიტეტიდან გარიცხვას.