თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სამართალდამცველ ორგანოებს ალექსი პეტრიაშვილის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილს ამ დროს სამი ადამიანი ახლდა.
„საშინელი ფაქტი მოხდა. საქმე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას. ადამიანი ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. ის საავადმყოფოშია და ახლა მთავარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ის, ვინც ამაში მონაწილეობდა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილზე დაყრდნობით.
პეტრიაშვილს ხუთჯერ ესროლეს, აქედან სამმა ტყვიამ მიზან მიაღწია — ის ფეხებსა და ზურგში დაიჭრა, განუცხადა ჟურნალისტებს პეტრიაშვილის პარტიულმა თანამებრძოლმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
„მას თავს დაესხნენ. სამი ტყვია მოხვდა. ახლა ოპერაციას უკეთებენ. სხვა არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ სამართალდამცველებს მივმართავთ, რომ ეს საშინელი თავდასხმა გახსნან“, — განაცხადა დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნინო გოგუაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ უნდა დაისაჯონ პოლიტიკოსზე თავდამსხმელიცა და შემკვეთიც.
„რა მოტივიც არ უნდა იყოს, საქმე უმოკლეს დროში უნდა იყოს გამოძიებული. ეს ძალზე ცუდი ფაქტია… არ მინდა შევაფასო, მაგრამ ეს სუფთა კრიმინალური ფაქტია, რომელიც უნდა გამოძიებულ იქნას.
შემსრულებელიც, შემკვეთიც უნდა დაისაჯოს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, — განაცხადა კვაჭანტირაძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„ნებისმიერ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს, თავდასხმა და დაჭრა, მძიმე დანაშაულია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გამოძიებული და აღკვეთილი უნდა იყოს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი რამ ხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება“, — აღნიშნა დეპუტატმა მმართველი კოალიციიდან ვახტანგ ხმალაძემ.
ამჟამად ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია. ის 2012-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.