თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა ქვეყანაში არსებულ ცუდ კრიმინოგენულ ვითარებაზე მეტყველებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ პარასკევს, 26 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილს ამ დროს სამი ადამიანი ახლდა.
„რაც მთავარია, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნას ეს საქმე გამოძიებული იმიტომ, რომ დღისით, მზისით, ხილულად, ასეთი დანაშაულის ჩადენა როგორღაც მიანიშნებს იმაზე, რომ კრიმინალური თვალსაზრისით, ამ ქვეყანაში რაღაც არ არის სწორად და კარგად“, — განაცხადა ჩიხრაძემ.
ამჟამად ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია.