თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მთავრობა ისტორიული მნიშვნელობის პროექტს დააფინანსებს — მალე ქვეყნის საკურორტო ზონაში მცხოვრები 8 ათასამდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ქვეყნის 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიკაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყო, განაცხადა პრემიერმა.
„საქმე ეხება ისეთ სოფლებს, როგორებიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი…ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, დაახლოებით 8000-მდე აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გაზიფიკაციის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 2014-2015 წლებში მთავრობამ 40 მლნ ლარი გამოყო. ამის შედეგად ბუნებრივი აირი 52 ათასამდე აბონენტმა მიიღო.
ბუნებრივი აირის ქსელში ახალი აბონენტების ჩართვა 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის შეთანხმების შესაბამისად, მოქმედებს ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი, მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 16 თვეში — ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით შეუძლია. მომსახურების ღირებულებაში ბუნებრივი აირით სარგებლობის ერთი წერტილის მოწყობა შედის.
საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 2012 წლიდან დღემდე თითქმის 38%-ით გაიზარდა. 2014 წელთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოხმარებამ 19%-ით იმატა.
ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის თანახმად, საქართველოს გაზიფიკაციას SOCAR Georgia Gas ახორციელებს. პროგრამის პირველ ეტაპზე, 2008-და 2013 წლის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 230 ქალაქისა და სოფლის გაზიფიკაცია განხორციელდა, აშენდა 3500 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი. ჩატარებულმა სამუშაოებმა ამ პერიოდში გამანაწილებელ ქსელში ჩართვის საშუალება 175 ათას ახალ აბონენტს მისცა.
გაზიფიკაციის პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელებაზე მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და SOCAR Georgia Gas-ს შორის 2013 წელს გაფორმდა. მეორე ეტაპი 2013-2017 წლების პერიოდს მოიცავს. 2014 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 100 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი აშენდა და გაზიფიცირებულია 34 ათასი აბონენტი.
2015 წელს კომპანიას სოფლად მცხოვრები ათასი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები უნდა დაესრულებინა. ქვეყნის 14 მუნიციპალიტეტში 76 სოფლის გაზიფიკაციისთვის ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყო, აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში.
SOCAR Georgia Gas გაზიფიკაციის მასშტაბურ პროექტს 2017 წელს დაასრულებს.