თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. „სტუდია მაესტროს“ 15%-იანი წილის მფლობელმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველმა მამუკა ღლონტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეწილეთა საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. გადაწყვეტილების თანახმად, „სტუდია მაესტროს“ გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, ხოლო ბაია გადაბაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
მანამდე, „სტუდია მაესტროს“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ანალოგიური სარჩელით სასამართლოს და საჯარო რეესტრს მიმართა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაბაძეს სარჩელზე უარი განუცხადა და ოქმი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნის შესახებ ძალაში დატოვა. ყოფილმა დირექტორმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრა.
„სარჩელი გუშინ შევიტანეთ. სასამართლოს კრების ოქმის გაუქმებას ვთხოვთ, რომლის თანახმადაც გაჩეჩილაძე დირექტორად დაინიშნა, ხოლო გადაბაძე — გათავისუფლდა. რაც შეეხება საჯარო რეესტრს, ჩვენ იქ ვითხოვთ, რომ სანამ სასამართლო დავა არ დასრულდება, გაჩეჩილაძის რეგისტრაცია შეჩერდეს“, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ღლონტის ადვოკატ პაატა კიკვიძის განცხადებაზე დაყრდნობით.
„მაესტროს“ ირგვლივ „გარჩევები“ მას შემდეგ დაიწყო, რაც „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) საკონტროლო პაკეტის (55%) მფლობელი გახდა.
ამ დროისათვის კომპანია „სტუდია მაესტროს“ 55%-ანი წილი გიოეგიგაცეჩილაძეს ეკუთვნის, დიზაინერ მაკა ასათიანის მფლობელობაშია 25%, მამუკა ღლონტისა — 15%, ხოლო ეკატერინე აკობიასი— 5%.
„სტუდია მაესტრო“ 1995 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი და მეორე არხებით გადიოდა ეთერში და გასართობ გადაცემებს წარმოადგენდა.
2001 წელს „სტუდია მაესტრო“ საქართველოში პირველ მუსიკალურ-გასართობ არხად გადაკეთდა, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“, მერე კი „ევრიკას“ საეთერო დროით სარგებლობდა.
2008 წელს „მაესტრო“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხად მოგვევლინა. 2009 წლის დასაწყისში ტელეარხმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი სახელი მოიპოვა. „უცნობის“ ტელეშოუ „საკანი №5“ საფუძვლად დაედო იმ წლის გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას.