თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში ჩვეულებრივი შეიარაღების ძირითადი სახეობების უმსხვილესი ექსპორტიორები კვლავ აშშ და რუსეთი არიან, განაცხადა ორშაბათს მსოფლიოს პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI „სიპრი“) 2011-დან 2015 წლის ჩათვლით პერიოდში ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის ძირითადი სახეობების მიწოდების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა 1950 წლიდან პერიოდს მოიცავს და საერთაშორისო სამხედრო ტრანსფერების ტენდენციების აღწერისას ინსტიტუტის ექსპერტები ხუთწლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებლებით სარგებლობენ.
„სიპრის“ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, შეიარაღების მიმწოდებელთა ხუთეულს უწინდებურად აშშ უდგას სათავეში. მასზე იარაღის გლობალური ექსპორტის 33% მოდის. აშშ-ის ძირითადი კლიენტები, როგორც „სიპრი“ აცხადებს, არიან საუდის არაბეთი (9,7%), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (9,1%) და თურქეთი (6,6%).
„სიპრის“ მონაცემებით, ამერიკული შეიარაღების უმსხვილესი მიმღები რეგიონი ახლო აღმოსავლეთი გახდა. მასზე მოდის აშშ-ის იარაღის ექსპორტის 41%, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებზე — 40%.
მთლიანობაში, აშშ-იდან ჩვეულებრივი შეიარაღების ძირითადი სახეობების მიწოდება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2006-2010 წლებთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა.
მსხვილი ექსპორტიორების სიაში მეორე ადგილზე, გასული ხუთწლედის მონაცემების მსგავსად, რუსეთია. მისი წილი შეიარაღების საერთაშორისო ექსპორტში 25%-ია. მოხსენების ავტორები შენიშნავენ, რომ რუსეთიდან ჩვეულებრივი შეიარაღების ძირითადი სახეობების ექსპორტი 2006-2010 წლებისა და 2011-2015 წლების პერიოდებში 28%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2014-2015 წლებში რუსეთიდან ექსპორტის შენელების ტენდენცია შეინიშნებოდა.
„სიპრის“ მონაცემებით, რუსული იარაღის ძირითადი მიმღები ქვეყნები ბოლო ხუთ წელიწადში არიან ინდოეთი (39%), ჩინეთი (11%) და ვიეტნამი (11%).
მთლიანობაში, რუსული შეიარაღები ექსპორტის 68% 2011-2015 წლებში აზიისა და ოკეანეთის სახელმწიფოებზე მოდის.
ასევე, მოსკოვმა ადგილი განიმტკიცა იარაღის ევროპულ ბაზარზე (6,4%), ამასთან, „სიპრი“ აღნიშნავს, რომ ევროპაში მიწოდება 264%-ით გაიზარდა.
„სიპრის“ გამოქვეყნებულ უმსხვილესი ექსპორტიორების სიაში მესამე ადგილი ზედიზედ მეორედ ჩინეთს (5,9% გლობალურ ექსპორტში) უკავია, მეოთხეზეა საფრანგეთი (5,6%), ხუთეულის ბოლო საფეხურზეა გერმანია (4,7%).
ამ ხუთი ქვეყნის საექსპორტო მიწოდებები ერთად, 2011-2015 წლების მონაცემებით (წინა ხუთწლიანი პერიოდის მსგავსად), გლობალური მოცულობის თითქმის 74%-ს შეადგენს.
მთლიანობაში, ჩვეულებრივი შეიარაღების ძირითადი სახეობების საერთაშორისო მიწოდებები 2011-2015 წლებში, გასულ ხუთწლიან პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა.
სად აგზავნიდნენ იარაღს?
„სიპრის“ მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიარაღების უმსხვილესი იმპორტიორების პირველ ათეულში აზიისა და ოკეანეთის ექვსი სახელმწიფო აღმოჩნდა. ესენია ინდოეთი, ჩინეთი, ავსტრალია, პაკისტანი, ვიეტნამი და სამხრეთ კორეა.
„ჩინეთი სამხედრო პოტენციალის გაზრდას იმპორტისა და სამამულო იარაღის წარმოების საშუალებით განაგრძობს“, — განაცხადა „სიპრის“ მკვლევარმა სიმონ ვეზემანმა მონაცემების კომენტარისას. მისი განცხადებით, „ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა — ინდოეთმა, ვიეტნამმა და იაპონიამ ასევე მნიშვნელოვნად განამტკიცეს თავისი შეიარაღებული ძალები“.
შეიარაღების მიმღები ქვეყნების ხუთეულის სათავეშია (წინა ხუთწლიანი პერიოდის მსგავსად) ინდოეთი (მსოფლიო იმპორტში 14%-იანი წილით), მას მოსდევს საუდის არაბეთი (7,0%), ჩინეთი (4,7%), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (4,6%) და ავსტრალია (3,6%).
ქვეყნების ამ ხუთეულზე შეიარაღების მთლიანი იმპორტის 34% მოდის.
იარაღის მიწოდების მონაცემთა ბაზაში შედის არსებული ინფორმაცია ჩვეულებრივი შეიარაღების ძირითადი სახეობების ყველა საერთაშორისო მიწოდებაზე, მათ შორის გაყიდვებზე, საჩუქრებსა და სალიცენზიო წარმოებაზე. მონაცემები მიწოდების მოცულობას გარიგებების ფინანსური ღირებულების გაუთვალისწინებლად ასახავს.
მსოფლიოს პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტი 1966 წელს დაფუძნდა და დამოუკიდებელ ანალიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, რომელიც იკვლევს კონფლიქტების, შეიარაღებების, შეიარაღებაზე კონტროლისა და განიარაღების საკითხებს.