თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
„მიმაჩნია, რომ არჩევნებში ერთმნიშვნელოვნად „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ მეპარება“, განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“.
პოლიტიკოსის თქმით, ის კვლავ მონაწილეობს „ნაცმოძრაობის“ მუშაობაში მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა უკავია.
„მე დაკავშირებული ვარ ჩემს ხალხთან და ჩემს პარტიასთან“, აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ დატოვა. მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წარუდგინა, მათ შორისაა დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების პირადი მოხმარებისთვის გაფლანგვა. მოგვიანებით საქართველოში სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.
2015 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა.
2016 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ქართული კანონმდებლობით, ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს. ახლა სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა არ შეუძლია.