Washington Post: თურქეთისთვის ხელსაყრელი სცენარი გამორიცხულია

© AP Photo / Kayhan Ozerრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემა წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის კრიზისის ფონზე იმდენი და ისეთი პრობლემები შეუქმნა საკუთარ ქვეყანას, რომ ახლა მათი დარეგულირება ძალზე რთულია, თუკი საერთოდ არის შესაძლებელი.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თურქეთისთვის ნამდვილი „სტრატეგიული კოშმარი“ დაიწყო — ქალაქებს თავს ესხმიან ტერორისტები, საზღვრებზე დაძაბულობაა, ხოლო მოკავშირეები აშკარად ყურს უყრუებენ მის თხოვნას, — წერს РИА Новости გამოცემა Washington Post–ზე დაყრდნობით. 

ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ თურქეთი „არაბული გაზაფხულის“ ერთ–ერთ უმთავრეს გამარჯვებულად აპირებდა გახდომას, აშშ–ს ის მაგალითად მოჰყავდა, ხოლო რეგიონში მას ლიდერად განიხილავდნენ. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც არაბული პროტესტი ჩავარდა, ხოლო გეოპოლიტიკური ლანდშაფტი და სირიის ომის მსვლელობა შეიცვალა. ახლა რუსეთი  თურქეთის საზღვრების გაყოლებაზე — სირიასა და სომხეთში საკუთარ სამხედრო ძალებს აფართოებს, სირიიდან შესული ტერორისტები შიშს თესენ თურქ მოსახლეობაში, ქვეყნის ეკონომიკა დეპრესიაშია, ხოლო ქვეყნის შიგნით ქურთების წინააღმდეგობა ღვივდება, — ნათქვამია სტატიაში. 

„თურქეთი მრავალმხრივ კატასტროფას შეეჯახა. ეს ის ქვეყანაა, რომელსაც წარსულშიც არაერთი პრობლემა ჰქონია, მაგრამ ამჟამინდელი მოვლენების მასშტაბი ბევრად აღემატება თურქეთის უნარს, [გაუმკლავდეს სირთულეებს]“, — ციტირებს გამოცემა იპეკის (ანკარა) უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორს, გოკჰან ბაციკს. 

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი: რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები სრულად გაწყვეტილი არაა

ანკარამ გასულ კვირაში ვერ შეძლო მოეპოვებინა მთავარი მეკავშირის, აშშ–ის მხარდაჭერა სირიელი ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, ის „სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა და იმ პრობლემების ლაბირინთში ჩაიკარგა, რომლებშიც დიდწილად თავადვეა დამნაშავე“, — მოჰყავს „ვაშინგტონ პოსტს“ კადირ ჰასის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის (სტამბოლი) პროფესორის,  სოლი ოზელას სიტყვები. 

„[თურქეთმა] იმდენად გაიფუჭა ურთიერთობები ყველასთან, რომ ახლა ვეღარავის არწმუნებს, რომ [მისთვის] რამე გააკეთოს. ეს არის ქვეყანა, რომლის სიტყვასაც წონა აღარ აქვს. ის იტყუება და დაპირებებს არ ასრულებს. მას არ ძალუძს საკუთარი უმნიშვნელოვანესი ინტერესების დაცვა და კონფლიქტი აქვს ყველასთან, საკუთარ მოკავშირეებთანაც კი. სახელმწიფოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვან რეგიონულ „დერჟავად“ აღიქმებოდა, ასეთი ფაქტები დამღუპველია“, — ციტირებს გამოცემა  სოლი ოზელის სიტყვებს. 

ახლა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი კვლავ იმუქრება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებით, მიუხედავად იმისა, რომ არც სამოქალაქო პირები და არც სამხედროები მხარს არ უჭერენ ამ საკითხში. უფრო მეტიც, ის ვერ ახერხებს აშშ–ის მხარდაჭერის მოპოვებას. ეს უკანასკნელი შიშობს, რომ თურქეთი რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირებას შეძლებს. გარდა ამისა, ამერიკა თურქეთს არც სირიელი ქურთების დაბომბვაში ეხმარება, რომლებიც ძალზე ეფექტურად ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“. გამოდის, რომ ერდოღანი საკუთარ სახელმწიფოს „სულ უფრო ღრმად თხრის სოროში, საიდანაც გამოსავალი არ არის“, — წერს WP. 

სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
რუსულ–თურქული კონფრონტაცია: კავკასიური განზომილება

სტატიაში ნათქვამია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა აშკარად გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი ძალები საერთაშორისო არენაზე  და სირიის მიმართ საკუთარ სტრატეგიაზე ყველა ფაქტორის გავლენა ვერ გათვალა. 

„ერდოღანი საგარეო პოლიტიკას საკუთარი ქედმაღლობის გამო ვერ გაუმკლავდა. 2010 წელს მას ზედმეტად სჯეროდა, რომ თურქეთი ყველას უყვარდა და ეს თავში აუვარდა. არსებობს პრობლემები, რომლებიც მისი ბრალი არ არის, მაგრამ მათ მოგვარებაზე კი ნამდვილად ისაა პასუხისმგებელი“, — მოჰყავს გამოცემას ვაშინგტონის უილსონის ცენტრის თურქეთის საკითხების ექსპერტის, ჰენრი ბეიკერის სიტყვები. 

პროფესორ გოკჰან ბაციკის აზრით, იმის თქმა, რომ თურქეთი ჭკუიდან შეიშალა  და რადაც არ უნდა დაუჯდეს, ომში ჩაებმება, არ შეიძლება. თუმცა აშკარაა, რომ ანკარის პოლიტიკა „ძალიან უცნაურია და შეიძლება სიურპრიზებიც მოჰყვეს“. 

„სირიის მოვლენები — ეს ერდოღანისთვის გადარჩენის საკითხია. ასე რომ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თურქეთისთვის ამ მომენტიდან ხელსაყრელი სცენარი გამორიცხულია“, — ციტირებს WP გოკჰან ბაციკს. 


ყველა ახალი ამბავი
0