თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საგადასახადო სისტემისა და მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა და განათლების სისტემის რეფორმა, — მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს ესაუბრა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.
„ჩვენ მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ანუ ბიზნესში ჩაბრუნებული მოგება არ დაიბეგრება და მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზებას. მეორეს მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარშემო არ არის ისეთი დინამიური ეკონომიკური განვითარება, ეს ცვლილება დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტთა პაკეტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში ანგარიშები აღარ დაყადაღდება და ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი;
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესისთვის დაფინანსების სპეციალური მექანიზმების შექმნის შესახებ, რომელიც საგადასახადო რეფორმების ბლოკის ერთ-ერთი ნაწილია და რომელიც სავარაუდოდ, აპრილი-მაისიდან ამოქმედდება.
რეფორმების მეორე ბლოკია — მმართველობის რეფორმა, რათა, როგორც ფიზიკურმა, ისე — იურიდიულმა პირებმა სახელმწიფო სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ, ისე, როგორც ეს იუსტიციის სახლებში და მომსახურების ცენტრებში ხდება.
გარდა ამისა, მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალ პრინციპებზე გადაყვანის გეგმას ამზადებს, რათა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განვითარდეს.
საუბარია ჩქაროსნული მაგისტრალსა და არაერთ მნიშვნელოვანი გზაზე, მათ შორის — ქუთაისი-სვანეთის, გომი-რაჭის, ქუთაისი-სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები; ლარსი-მცხეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზები და თბილისიდან კახეთის გავლით აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა, რომელზეც შემდგომ მთელი ეკონომიკა აშენდება. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც აღნიშნული გეგმების შესრულებას კოორდინაციას გაუწევს.
რეფორმების მეოთხე ბლოკი განათლების სისტემის გერმანული მოდელის დანერგვას გულისხმობს, რათა პროფესიული განათლების ეფექტიან სისტემას მეტი ყურადღება დაეთმოს.
რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რესურსი უმაღლეს განათლებაში კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით განაწილდება.
„ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო რესურსი განაწილდება იმის მიხედვით, რა მოთხოვნები იარსებებს ხუთწლიან პერსპექტივაში. გამოთავისუფლებული რესურსი, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებით განაწილდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიცვლება დღეს არსებული ვითარება, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს“, —განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.