თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ექსპერტულ დასკვნას მარტის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს, განაცხადა თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის წევრმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ (Manuel Gonzalez Oropeza).
შესწორებების თანახმად, თბილისსა და მარტყოფში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნა, ასევე რეგიონებში მუნიციპალიტეტების დაყოფის ან გაერთიანების გზით 44 ოლქის საზღვრები შეიცვალა. კიდევ შვიდი ოლქის გეოგრაფია მუნიციპალიტეტების საზღვრებს ემთხვევა.
„მაჟორიტარული სისტემის პროპორციულ დაყოფაში პრობლემას ვერ ვხედავ. მნიშვნელოვანია, რომ ოლქების დადგენის დროს გეოგრაფიული მდებარეობა იყოს გათვალისწინებული. თუ ოპოზიციას კითხვები ამასთან დაკავშირებით აქვს, მაშინ მათი განხილვა შეიძლება და ამისთვის დრო არის. რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებას, ის მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება“, — განაცხადა ოროპეზამ.
ვენეციის კომისიის წევრები ორშაბათს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირება ოპოზიციასთან შეუთანხმებლად მოხდა.
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ოლქები იმგვარად შექმნა, რომ კონსულტაციები არცერთ პოლიტიკურ მოთამაშესთან არ გაუმართავს. მათ ცვლილებები საკუთარ თავზე მოირგეს იმის შესაბამისად, თუ რომელ ოლქში მოიგეს და რომელში წააგეს არჩევნები“, — განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ მაჭავარიანმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.