თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არ არის საკმარისი იმ სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც არსებულ საარჩევნო სისტემას გააჩნია. განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინტორმა ლელა ტალიურმა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 50%–იანი საარჩევნო ბარიერის დაწესების წინადადებით გამოდის, გარდა ამისა იგეგმება 73 მაჟორიტარული ოლქის საზღვრების შეცვლაც.
„შემოთავაზებული ცვლილებები, იმის სანაცვლოდ რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდეს და 2016 წლისთვის მხოლოდ ოლქების გათანაბრება მოხდეს, ასევე მაჟორიტრულ არჩევნებზე დაწესდეს 50%–იანი ბარიერი, ვფიქრობ არ იქნება საკმარისი იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია“–აღნიშნა ლელა ტალიურმა.
საქართველო ე.წ. შერეული სისტემის მქონე სახელმწიფოა და მისი პარლამენტი შედგება პროპორციული საარჩენო სისტემით არჩეული 77 (პარტიული სიების საფუძველზე წარდგენილი კანდიდატები) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისგან. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მანდატების გადანაწილება ხდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 5%-ს მაინც მიიღებენ. ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ისა.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში თეორიულად შესაძლებელია, რომ საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად გამოცხადდეს კანდიდატი, რომელმაც დააგროვა საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ზე მეტი, თუმცა მის წინააღმდეგ მიღებული ხმების ჯამი საგრძნობლად მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე გამარჯვებულის მიერ მიღებული ხმებია. აქედან გამომდინარე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში არსებობს ხმების დაკარგვის საფრთხე არსებობს. ამასთან არსებული 30%-იანი ზღვარი, რომელიც კანდიდატებმა უნდა გადალახონ,რიგი სპეციალისტების აზრით ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული კანდიდატების მაღალი ლეგიტიმაციით არჩევას.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ხმის წონის თანაბრობის პრინციპს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 10 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს განსხვავებული, ხოლო განსაკუთრებულ გარემოებებში იგი არ უნდა აღმატებოდეს 15 პროცენტს, რაც მოქმედი საარჩევნო სისტემით უგულებელყოფილია.
„არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნვეყოფს მიღებული ხმების მანდატებში პროპორციულად ასახვას და ის პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაშია წარმოდგენილი. ეს სისტემა წინა ხელისუფლების პირობებშიც მოქმედებდა და მაშინაც კრიტიკის საგანი იყო“–აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ოლქების გათანაბრებას, ლელა ტალიურის თქმით, აქ მთავარია ის, რომ მოხდეს ოლქების გათანაბრება ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით და არა შერწყმა, რაც თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ხმის წონის თანაბრობის მოგვარებას. სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ ის ნაკლებად გავლენიანი პარტიების პარლამენტში მოხვედრას არ უწყობს ხელს.
„არსებული სააჩევნო სისტემა არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მოსწონს, მათ შორის სახელისუფლებოსაც. „ქართული ოცნება“ აღიარებს რომ მოქმედ სისტემას გააჩნია პრობლემები და ამის მაგალითი ისაა, რომ ფიქრობს მის ფუნდამენტურ გადახედვას 2020 წლისთვის. ჩვენი მიდგომა კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს 2016 წლისთვის უნდა მოხდეს. უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს“ –განაცხადა ლელა ტალიურმა.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა, 2016 წლის არჩევნებამდე მონაწილეობა მიიღონ წესების შეცვლის შესახებ ინიციატივაზე მსჯელობაში.
„კოალიცია მზადაა, საარჩევნო კანონმდებლობაში ამ ტიპის ცვლილება შეიტანოს. ეს თემა განხილვისთვის ღიაა. თუ მიიჩნევთ, რომ 50%–იანი ბარიერი მმართველი კოალიციის ინტერესებშია და საკითხს ძალით, ხელების გადაგრეხვის პრინციპით ვაყენებთ, მაშინ ამ ნაბიჯისგან თავს შევიკავებთ. ეს საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას შემოგვთავაზებენ კოლეგები“, – განაცხადა დეპუტატმა.