საქართველოთი სხვადასხვა დროს ბევრი ფრანგი მოხიბლულა, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო: მოგზაური და იუველირი ჟან შარდენი, რომელმაც აქ 16 72-1673 წლებში იმოგზაურადა მწერალი ალექსანდრე დიუმა-მამა, ვინც რომანში,,კავკასია“ ქართველებსა და თბილისს მთელი თავი მიუძღვნა. მას შემდეგ ჩვენი ქვეყნით არა ერთი ფრანგი მოხიბლულა. დღეს კიდევ ერთი მათგანს გაგაცნობთ. წარმოშობით ბრეტანელი (ბრიტანელში არ შეგეშალოთ) ვინსენტ დელანოე, საფრანგეთის მთავრობის წევრი და ჩვენთვის გასაგებად რომ ვთქვათ, იქაური მხარის გუბერნატორი გახლავთ. მის ცხოვრებაში საქართველო და ქართველები მთელი არსით მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც ცოლად ქართველი, ნანა ხაჩიძე მოიყვანა. ტრადიციულ ფრანგულ ოჯახში გაზრდილმა განათლებულმა ადამიანმა ჩვენი ტრადიციები და კულტურა გულწრფელად დააფასა და შეიყვარა. დღეს იგი ჩვენს ენას სწავლობს და ქართველების სიძეობით ძალიან ამაყობს.
— მუსიე ვინსენტ, თუ შეიძლება,საქართველოსთან თქვენი პირველი შეხვედრა გაიხსენეთ?
— თავიდან გეტყვით, რომ მე დავიბადე ბრეტანიაში, რომელიც ადრე საფრანგეთის სამეფო იყო, ამიტომ მან საქართველოს მსგავსად ტრადიციები და ენა შეინარჩუნა. 2010 წელს გადავწყვიტე, შვებულება საფრანგეთიდან მოშორებით გამეტარებინა და სამოგზაუროდ საქართველო ავარჩიე. სამწუხაროდ ფრანგებმა საქართველოს შესახებ მხოლოდ ორი რამ იციან: სტალინი და თბილისი, რომელიც ქალაქ ნანტის დაძმობილებული ქალაქია, სადაც სხვათა შორისუნივერსიტეტიც დავამთავრე. აქ რომ ჩამოვედი, უძველესი კულტურის მქონე მშვენიერი ქვეყანა და ხალხი აღმოვაჩინე, მაგრამ მედლის მეორე მხარეც დავინახე… როცა მანქანაში ჩავჯექი, თქვენმა გზებმა ძალიან გამაოცა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი მოუწყობელი გზების გამო ფრანგები რევოლუციას მოაწყობდნენ. მახსენდება ისიც, რომ როცა დავინახე, რომ თქვენთან ყველგან ხილი და ბოსტნეული იყიდებოდა, ვიფიქრე, როგორც ჩანს, საქართველო მდიდარი ქვეყანაა —მეთქი, მაგრამ როცა დავაკვირდი, რომ დახლებთან მხოლოდ მოხუცი ქალები და ბავშვები იდგნენ, მივხვდი, რომ ჩემი პირველი შთაბეჭდილება მცდარი იყო. არადა, საქართველოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდეს.
— შეიძლება ითქვას, თქვენ საქართველოსა და ქართველებს უკვე ახლოდან იცნობთ და ობიექტურად შეგიძლიათ თქვათ რა მოგწონთ და რა არა?
— დიახ თქვენს ქვეყანას დღეს უკვე კარგად ვიცნობ. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ცხოვრებაში ნანას სახით ქართული სიყვარული გაჩნდა. თავიდან ინტერნეტში მისი ფოტო ვნახე და დავინტერესდი. ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთთან ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა. 2012 წელს კი დაქორწინება გადავწყვიტეთ, მაგრამ მანამდე მართლმადიდებლობა მივიღე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, საქართველოში მომწონს ქართული ურთიერთობები, მეგობრობა და სუფრის კულტურა, რასაც ჩემი მეუღლისა და მისი მეგობრების საშუალებით გავეცანი. ნანას ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავს, ისინი ხშირად იკრიბებიან და სურვილი გამიჩნდა, რომ მათ უშუალოდ გავსაუბრებოდი, გამეგო მათი აზრები, საამისოდ ქართული ენის შესწავლა დავიწყე. ახლა საუბარი უკვე მესმის, წერას და ლაპარაკსაც ვახერხებ. ზაფხულში აქ რომ ჩამოვდივარ, ხშირად გავდივართ ქალაქგარეთ და კულტურისა და ისტორიის ძეგლებს ვნახულობ. ძალიან მომწონსქართული ბუნება და პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებს, რაც საქართველოს სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს.
— ბუნებრივია, იმასაც აღნიშნავთ, რაც საქართველოსა და ქართველებში არ მოგწონთ…
— ალბათ არ მიწყენთ, რომ მეგობრულ საყვედურს გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ საჭესთან მჯდარი ქართველი საგზაო მოძრაობის წესებს ხშირად არღვევს ხოლმე, არც ასაკოვან ადამიანებს უთმობს გზას. კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი, ქართველები მხოლოდ საკუთარ წრეში ხართ ჩაკეტილები, თქვენ გაერთიანება გჭირდებათ და მაშინ მტერიც ვერ მოგერევათ და უკეთესადაც იქნებით. კიდევ ერთი, თბილისი ძველი ქალაქია და მას თავისი არქიტექტურული სახე აქვს, მაგრამ ახალი შენობა —ნაგებობები ხშირ შემთხვევაში ქალაქის არქიტექტურულ სტილში არ ჯდება და შეიძლება ითქვას, კონტექსტიდან ამოვარდნილია. როგორც ჩანს, მათი აშენების დროს არ არის გათვალისწინებული გარემო და ლანდშაფტი, თუმცა შესაძლოა, ესა თუ ის ცალკეული შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესოც იყოს. ამის ნიმუშად დავასახელებდი იუსტიციის შენობას, რომელსაც თქვენ “სოკოებს!“ ეძახით და საპატრიარქოს გვერდით არსებულ კაზინოს.
— ბატონო ვინსენტ, თქვენ საფრანგეთის მთავრობის წევრი და 27 კომუნის ხელმძღვანელი ბრძანდებით, რაც ჩვენთან მხარის გუბერნატორის სტატუსის ტოლფასია, რას იტყოდით თქვენს ქართველ კოლეგა —ჩინოვნიკებზე?
— ჩემი აზრით ქართველი ჩინოვნიკებიხალხისგან შორს დგანან, ვფიქრობ, მათ შორის უფრო მჭიდრო კავშირი უნდა იყოს. ჩემს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს შეუძლია პრეზიდენტს ან თანამდებობის რომელიმე პირს წერილობით მიმართოს დაეს წერილი ადრესატამდე აუცილებლად მივა! მეტსაც გეტყვით, ამ წერილს იქ უპასუხოდ არავინ დატოვებს. მეც ასე ვიქცევი,რადგან ოფიციალურად გვევალება, რომ ასეთ წერილებს ორი თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ. კიდევ ის მიკვირს, რომ თქვენი თანამდებობის პირები ძალიან ძვირფასი ავტომობილებით გადაადგილდებიან, ფრანგები ამ მხრივ უფრო თავმდაბლები ვართ.
— რამდენადაც ვიცი, საქმიანობის მიღმა საინტერესო გატაცებებიც გაქვთ: იარაღებისა და ფოტოაპარატების კოლექციას აგროვებთ…
— დიახ და ჩემს კოლექციაში უკვე 300 ფოტოაპარატია, რომლებსაც 20 წელია, რაც ვაგროვებ. მაქვს მეცხრამეტე საუკუნეში გადაღებული ფოტოების კოლექციაც. ჩემს ბაბუას პირველ მსოფლიო ომამდე გამოსული ფოტოაპარატი ჰქონდა, მამამ ბაბუას ტრადიცია გააგრძელა და ეს აპარატი მაროკოში წაიღო. კასაბლანკაში იგი 40-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდა. მისი მეზობელი, ცნობილი მოკრივე, ედით პიაფის ქმარი, მარსელ სერდანი იყო. ყველაზე უნიკალური ჩემს კოლექციაში 1986 წელს გამოშვებული პირველი ციფრული N °71 კამერაა. ჩემს ოჯახში ისტორიული წიგნიცაა, რომელიც 12 კილოგრამს იწონის და სადაც ცნობილი ფრანგი გენერლების ხელმოწერებია. საერთოდ მიყვარს სიძველეები და საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ხშირად გავდივარ მშრალ ხიდზე, სადაც ბევრი ძველი, უნიკალური ნივთია. ყოველი მათგანის მიღმა საინტერესო ისტორია და ამბავია, ადამიანური ბედისწერაა…
— დიდი მადლობა საუბრისთვის.